თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, მათ თაღლითობა უწოდა და პირობა დადო, რომ თავის აზრს არ შეიცვლის.
„ჩემი აზრი ექვსი თვის შემდეგაც არ შეიცვლება - ადგილი ჰქონდა მასობრივ თაღლითობას“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
მან აღნიშნა, რომ „თუ რესპუბლიკელებმა ეს დაუშვეს, ვერასდროს იხილავთ ამ ქვეყანაში კიდევ ერთ არჩეულ რესპუბლიკელს სენატის, წარმომადგენელთა პალატის ან პრეზიდენტის დონეზე“.
ადრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ძალაუფლების გადაცემის პროცედურას „მწვანე შუქი“ აუნთო. პროცედურა ითვალისწინებს მოქმედი ფედერალური ჩინოვნიკების კონსულტაციებს ჯო ბაიდენის გუნდთან. მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვრისთვისაა დაგეგმილი, ამასთან ტრამპი დამარცხებას არ აღიარებს და არჩევნების შედეგებს სასამართლოში ასაჩივრებს.
„ჩვენ ადვილად მოვიგეთ არჩევნებზე. შეუძლებელია, რომ ბაიდენს მილიონობით ხმა აეღო... ათასობით გარდაცვლილმა მისცა ხმა“, - განაცხადა ტრამპმა კვირას და აღნიშნა, რომ სინამდვილეში ბაიდენს 80 მილიონი ხმა არ მიუღია.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თაღლითობის მტკიცებულებებს შორისაა მოწმეების ჩვენებები, რომლებმაც არჩევნების დღეს ხმის მიცემა თითქოს იმიტომ ვერ შეძლეს, რომ უკვე ხმა მიცემული ჰქონდათ, ასევე ბიულეტენების ჩაყრის ფოტოები და მის სასარგებლოდ მიცემული ბიულეტენები, რომლებიც გადაყრილი იპოვეს. „ჩვენ ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან ერთად მან განაცადა, რომ დარღვევებთან კავშირი აქვთ გამოძიებათა ფედერალური ბიუროს და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს.
„ტოტალური თაღლითობა. არ ვიცი, შესაძლოა გამოძიებათა ფედერალური ბიურო და იუსტიციის სამინისტრო ჩართულია ამაში. ამის გამო როგორ დარჩნენ ადამიანები დაუსჯელები?“ - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან ტრამპი დარწმუნებულია, რომ „მთელი მსოფლიო უყურებს და საკუთარ თვალებს არ უჯერებს“.