თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფინეთის ქალაქ ესპოოში „მეტრო არენაზე“ დღეს, 21:00 საათზე ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ეროვნული ნაკრები ფინეთში „ევრობასკეტის“ შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩისთვის 24 ნოემბერს გაემგზავრა. ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდნენ ნატურალიზირებული მოთამაშე თად მაკფადენი და ესპანური „ტენერიფეს“ ცენტრი, გიორგი შერმადინი. მათთან ერთად ჩაფრინდნენ ფინეთში ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი და მისი ასისტენტი, გიორგიოს ლიმნაიტისი.
საქართველოს ნაკრებს ფინეთთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება, NBA-ში მოასპარეზე გოგა ბითაძე. თუმცა სრულ მზადყოფნაშია მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდი, თორნიკე შენგელია, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. მან 26 ნოემბერს მოსკოვში, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ევროლიგის მატჩი ჩაატარა, ხოლო თამაშის დასრულებისთანავე თორნიკე ფინეთში გაფრინდა და ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ეროვნული გუნდის კაპიტანმა „რეალთან“ ჩატარებულ მატჩში საკუთარი გუნდისთვის 15 ქულა მოაგროვა და შეხვედრაც მოსკოველთა სასარგებლოდ 74-73 დასრულდა. შენგელიამ მგზავრობასთან და ტესტირებასთან დაკავშირებული ყველა ფორმალობა დროულად და უპრობლემოდ მოაგვარა, რასაც ვერ ვიტყვით თად მაკფადენზე.
ამერიკული წარმოშობის კალათბურთელს 25 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელს კოვიდინფექცია გადატანილი აქვს და გამოჯანმრთელების შემდეგ მან არაერთი ტესტი ჩაიტარა. სწორედ ამიტომ მაკფადენს ტესტირება განმეორებით ჩაუტარდა, რომელზეც პასუხი უკვე უარყოფითი აღმოჩნდა. აღნიშნული გაუგებრობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამერიკელი მკაცრი კარანტინის რეჟიმში იმყოფებოდა.
მომავალ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა. მან აღნიშნა, რომ ფინელებს მაღალ ტემპში უყვართ თამაში და ამისთვის მზად უნდა იყვნენ. ზუროსის თქმით, ისინი მაქსიმალური შედეგის მისაღწევად ითამაშებენ და შეეცდებიან, რომ მოწინააღმდეგეს კარგად ორგანიზებული დაცვა შესთავაზონ.
„ორგანიზებულ დაცვას კი შეთამაშება უნდა. გუნდის შესაკვრელად ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ფინეთთან საქართველოს ნაკრებს ბევრი დებიუტანტი ეყოლება, რომლებსაც არა აქვთ დრო შესათამაშებლად. თუმცა დარწმუნებული ვარ, შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ. ჩვენი ამოცანა ფარქვეშიდან შეტევა იქნება, რადგან ევროპაში გამორჩეული წინახაზელები გვყავს“, - განაცხადა ზუროსმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთს სულ ხუთჯერ დაუპირისპირდა, საიდანაც ორჯერ მოვახერხეთ გამარჯვება, სამჯერ კი დავმარცხდით.
თავის მხრივ კომენტარი გააკეთა ფინეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე მიკო ლარკასმა. მისი თქმით, ფინელები ყველაზე მეტად თორნიკე შენგელიას, გიორგი შერმადინსა და თად მაკფადენს უფრთხიან.
„საქართველოს ნაკრების თამაში დიდწილად არის დამოკიდებული შენგელია-შერმადინი-მაკფადენის ტრიოზე. ის, რომ გუნდს შენგელიაც ემატება, მათთვის დიდი პლიუსია, რადგანაც თორნიკეს გუნდის ერთიორად გაძლიერება შეუძლია. უკანასკნელი ფანჯრის დროს ქართველები ფარქვეშ მაქსიმალურად ცდილობდნენ შერმადინის დატვირთვას, ეს ხელ-ფეხს სხვა მოთამაშეებს უხსნიდა, შენგელიასა და მაკფადენს კი შესატევ პოზიციაზე გასვლა იოლად შეუძლიათ. ჩვენი უპირატესობა სწრაფი გადაადგილება და შეტევა უნდა გახდეს. მათ სირბილში უნდა ვაჯობოთ”, - განაცხადა მიკო ლარკასმა.
შეხვედრამდე მოკლე კომენტარი გააკეთა ფინელთა თავკაცმაც, მისი თქმით, საქართველოს ძლიერი გუნდი ჰყავს და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის სათავეში სრულიად დამსახურებულად იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ფინეთთან შეხვედრის შემდეგ 30 ნოემბერს შვეიცარიასთან მოუწევს დაპირისპირება. ილიას ზუროსის შეგირდებს „ევრობასკეტის“ ერთ-ერთი მასპინძლის რანგში, ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ. მიუხედავად ამისა, მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა უკვე დაამარცხა შვეიცარია (96:88) და სერბეთი (94:90) და E ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.