რუსეთმა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან შესაძლოა პანდემიის შემდეგ აღადგინოს

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა
Sputnik

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხს შეზღუდვების მოხსნის შემდეგ განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ეს გზავნილი, ქართული მხარის ვერსიით, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის გრიგორი კარასინის ვიდეოკონფერენციის დროს ითქვა.

„სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების კონტექსტში შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთის მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აბაშიძის განცხადებით, ამ თემის პოლიტიზება არასწორია.

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ახალ შესაძლებლობებზე ყარაბაღთან დაკავშირებით

გარდა ამისა, მხარეები ასვე შეეხნენ საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებულ შეთანხმებას. ამ მიმართულებით აღინიშნა პროგრესი და მხარეებმა განაცხადეს, რომ ექსპერტების დონეზე მზად არიან, ხელი შეუწყონ შეთანხმების იმპლემენტაციას და სამუშაო ჯგუფების საქმიანობას.

რუსული მხარის თხოვნით აბაშიძემ ასევე ისაუბრა რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის შესახებ და აღნიშნა მისი როლი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში. მან განაცხადა, რომ ლაბორატორია ხელსაყრელი ეპიდემიოლოგიური პირობების დროს მზად იქნება უცხოელი ექსპერტების მისაღებად, რომელთა შორის რუსი ექსპერტებიც იქნებიან.

ამას გარდა, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ 2021 წელს სასაზღვრო პუნქტი ყაზბეგი–ლარსის რეკონსტრუქცია ჩატარდება რუსული მხრიდან, რაც სატრანსპორტო მიმოსვლას გააუმჯობესებს.

აბაშიძისა და კარასინის პირისპირ შეხვედრა შეიძლება 2021 წლის პირველ კვარტალში გაიმართოს

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი–აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომელთა შეხვედრებიც პრაღაში 2012 წლიდან იმართება. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

რუსული მხარის ინფორმაციით, გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შემდეგი შეხვედრა პრაღაში 2021 წლის პირველ კვარტალში პირისპირ შეხვედრის ფორმატში გაიმართება, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს.