პაატა იმნაძე: „ვინმემ გამახსენოს გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს...“

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყვეტილების მიღება შეზღუდვებთან დაკავშირებით ძალიან რთული იყო, მაგრამ ამას უაღრესად რთული ეპიდვითარება მოითხოვდა
Sputnik

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მაგრამ კორონავირუსით ინფიცირების რიცხვები უკვე კატასტროფულია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პირველი არხის ეთერში.

საქართველოში 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო ხელისუფლებამ ახალი შეზღუდვები აამოქმედა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

„არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ლუკმაპურს გამოიმუშავებენ. ძალიან მძიმეა ეს. ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები გვაქვს და გაცილებით უფრო მკაცრ და ხანგრძლივ შეზღუდვებს ვითხოვთ, მაგრამ ამ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავლებზე არიან დამოკიდებული, მათაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშუალება უნდა მისცე. ძალიან მძიმეა გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო იღებს“, - განაცხადა იმნაძემ.
პლუს 34: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

მან ასევე გადაცემაში საუბრისას იმ ადამიანთა ჯგუფებზე ისაუბრა, ვისაც კოვიდინფექციის არსებობის არ სჯერათ და ამის აგიტაციას საჯაროდ ახდენენ.

„არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ხალხს ჩასჩიჩინებენ, რომ ეს ტყუილია, კორონა არაფერია და მსუბუქი გრიპია. მგონია რომ ეს მართული ჯგუფებია, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ დივერსიას ეწევიან და ცდილობენ, რომ ქვეყანა ჩამოიქცეს. ერთი, გრიპი გამახსენოს ვინმემ და თქვას, ხომ ქვეყნდება ხოლმე გრიპისგანაც სტატისტიკა, გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს, ასეთი გრიპი თუ უნახავთ“, - განაცხადა იმნაძემ.

ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლაბორატორიულ შეცდომებსა და ტესტირების მხრივ არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრა. მან ღიად აღნიშნა, რომ მედიცინაში გარანტირებული არაფერია და ტესტირების დროს ხდება ცდომილებები, რაც ნაწილობრივ მკვეთრი მატებითაც არის განპირობებული.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

პაატა იმნაძემ კოვიდინფექციის მუტაციაზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ ჩანს ისეთი მუტაციები, რომელიც ვირუსის სიძლიერეს შეცვლიდა, ხოლო ვირუსის აგრესიულობისა და ლეტალობის შემცირება სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

იმუნოლოგი ასევე თვითმკურნალობისა და ანტიბიოტიკების მოხმარების შემთხვევებსაც შეეხო. იმნაძემ განაცხადა, რომ მედიკამენტების თვითნებურად მიღება კატეგორიულად მიუღებელია.

„ანტიობიოტიკი არც ერთ ვირუსზე არ მოქმედებს. ანტიბიოტიკმა შეიძლება ორგანიზმს მხოლოდ ცუდი გაუკეთოს, ხოლო ვირუსს არაფერს უზამს. რაც შეეხება სისხლის გამათხელებლებს, მათი მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება, არავითარ შემთხვევაში თვითნებურად და მით უმეტეს, როცა ადამიანი კოვიდისგან უკვე გამოჯანმრთელებულია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ კომენტარი გააკეთა გადაცემის წამყვანის დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ მოვიდა ქვეყანა ამ ვითარებამდე.

„ვიდრე დედამიწაზე პანდემიაა, საქართველოში ვერავინ ვერ გააჩერებს ბოლომდე კორონას. ჩვენც ამისი იმედი გვქონდა, რომ რიცხვები ასეთი კატასტროფული არ იქნებოდა, რაზეც დღეს გასულები ვართ. თითქმის 5 000 რეგისტრირებული შემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში ახლა 10 000 მაინც არის, ამას კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რადგან 5 000 არის, რაც ჩვენ დავადასტურეთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღეიდან საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ინფიცირების რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.