ვიცე-პრემიერი: სამსახურდაკარგულთათვის კომპენსაციების გაცემა ბიზნესზეა დამოკიდებული

პანდემიის გამო დაკეტილი სავაჭრო ობიექტებისა და რესტორნების თანამშრომლები სახელმწიფოსგან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ.
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. შეზღუდვების პერიოდში სამსახურდაკარგული პირებისთვის 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემა ბიზნესის მიერ წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე მოხდება, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე. 

რა დახმარებას ითვალისწინებს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – დეტალური ინფორმაცია

საქართველოში 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში ქვეყნის დიდ ქალაქებში რესტორნებისა და გარკვეული სავაჭრო ობიექტების მუშაობაზე შეზღუდვები იმოქმედებს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ზომები უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს, მთავრობამ დახმარების სპეციალური პაკეტი მოამზადა.

„დეკემბერსა და იანვარში შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელიც სავაჭრო და სარესტორნო ბიზნესს ეხება, ყველა დასაქმებული და თვითდასაქმებული, რომელთაც სამსახური დაკარგეს, 300 ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებს. ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტრო სავაჭრო ობიექტებთან აქტიურ მუშაობას ეწევა. ჩვენ ბიზნესისგან დასაქმებულ და თვითდასაქმებულ პირთა სიებს ველოდებით, რათა კომპენსაციების გაცემა დეკემბერში დავიწყოთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

სავარაუდოდ, დახმარებას დაახლოებით 100 ათასი ადამიანი მიიღებს. პაკეტის ბიუჯეტი 30 მლნ ლარს შეადგენს.