კორონავირუსმა საქართველოში კიდევ ერთი ექიმი იმსხვერპლა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა 5 ათასს აღწევს და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი, „იმედის კლინიკის“ გინეკოლოგი ზაზა იმერლიშვილი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, 57 წლის მედიკოსი მეგობრის ოჯახში დაინფიცირდა. ის თავიდან სახლში მკურნალობდა, მოგვიანებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მცხეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გუშინ გარდაიცვალა.

მედიკოსს თანმხლები დაავადებები – შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა დაავადება და ონკოლოგიური პრობლემები აღენიშნებოდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა 5 ათასს აღწევს, გარდაცვლილია სამედიცინო სფეროს ათამდე წარმომადგენელი.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს, დღეს კი რეკორდული მაჩვენებელი – 4.780 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში 37 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში 1.161 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 123.470-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.