შოთა თხილიშვილის ხელნაკეთი ნიღბები ყველა შემთხვევისთვის, ანუ „ხანდახან, როცა გაჩერდები“

როცა შოთა თხილიშვილმა ნიღბების კეთება დაიწყო, მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ მოვიდოდა დრო და ადამიანები ნიღბის გარეშე გარეთ გასვლას ვერ შეძლებდნენ...
Sputnik

თუმცა მისი ნიღბები მედიცინისგან შორსაა და ისინი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. სხვადასხვა თემატიკის ნიღბებს საკუთარი ტექნოლოგიით ამზადებს, უნდა, რომ მალე საკუთარი ნამუშევრების ბრენდი შექმნას...

შოთა თხილიშვილის ხელნაკეთი ნიღბები ყველა შემთხვევისთვის, ანუ „ხანდახან, როცა გაჩერდები“

- შოთა, ოდესმე წარმოიდგენდით, რომ ნიღბების ეპოქაში აღმოვჩნდებოდით?

- არა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ადამიანებს ასეთი რამ თავს დაგვატყდებოდა და ნიღაბი აქტუალური გახდებოდა...

- თქვენ შემთხვევაში ნიღბით გატაცება როდის დაიწყო?

- სხვათა შორის, მე ბავშვობიდან, თითქმის ორი წლიდან ვძერწავ. როგორც დედა იხსენებს, რა გასაკვირიც უნდა იყოს, სწორედ ამ ასაკიდან დაიწყო ჩემი შემოქმედებითი გატაცებები, ხატვაც ადრე დამიწყია. მოგვიანებით კი პირველი ლექსიც დამიწერია.

შოთა თხილიშვილის ხელნაკეთი ნიღბები ყველა შემთხვევისთვის, ანუ „ხანდახან, როცა გაჩერდები“

- სამხატვრო აკადემიაში რატომ არ ჩააბარეთ?

- აკადემიური განათლების მიმართ ერთგვარი პროტესტი მაქვს. ჩემი აზრით, ნიჭიერი ადამიანი, რომელიც აკადემიაში შევა, შემდეგ ვიღაცის ასლი ხდება და ნიჭის განვითარებაზე ორიენტირებული არ არის. ყოველთვის ვცდილობ მსგავსი გავლენებისგან თავისუფალი ვიყო. ამიტომაც არაფერი მისწავლია. რა თქმა უნდა, ცნობილი მხატვრების შემოქმედებას ვიცნობ, მაგრამ ხატვის ტექნიკა არსად მისწავლია. ვიღაცამ ეს ყველაფერი უკვე გაიარა, პირველაღმომჩენია, პიონერია. მე კი მომწონს, როცა რაიმე სწავლის, შეცნობის გზას დამოუკიდებლად გავდივარ, ყოველგვარი ჩარევებისა და რჩევების გარეშე, საკუთარი პრაქტიკის საფუძველზე.

- ნიღბებს რა მასალისგან აკეთებთ?

- ნიღბებს საკუთარი ტექნიკით წინასწარ დამზადებული მინარევის საშუალებით ვაკეთებ. ისინი პოლიურეთანის პლასტიკის, ანუ ორკომპონენტიანია, მასალა საქართველოში სპეციალურად ჩამომაქვს. ჩემი ნიღბები მხოლოდ ორიგინალებია, ექსკლუზიური შეკვეთით დამზადებული.

შოთა თხილიშვილის ხელნაკეთი ნიღბები ყველა შემთხვევისთვის, ანუ „ხანდახან, როცა გაჩერდები“

- თქვენი ნიღბები კონკრეტულად რომელიმე პერსონაჟს გამოსახავს?

- ახლავე აგიხსნით: არის ასეთი ხელოვანება Cosplay, რაც სხვადასხვა პერსონაჟების განსახიერებას გულისხმობს. სხვადასხვა ფილმებისა და ანიმაციების გმირები ბავშვობიდან მიზიდავს, მათ მიმართ ინტერესი სულ მქონდა. როცა ვხედავდი, რომ ზოგჯერ მათი ხასიათი არ შეესაბამებოდა მათსავე გარეგნობას, მაშინ თავად ვქმნიდი ამა თუ იმ პერსონაჟს ისეთად, როგორიც წარმომედგინა, ანუ როგორიც, ჩემი აზრით, რეალობაში უნდა ყოფილიყო.

- ძირითადად როგორ ნიღბებს გიკვეთავენ და მათ შორის პოლიტიკოსის ნიღაბი თუ იყო?

- უფრო ხშირად მიკვეთავენ რომელიმე კონკრეტული პერსონაჟის, ან მითოლოგიური გმირების ნიღაბს, რომელსაც ჩემეული ინტერპრეტაციით ვაკეთებ. რაც შეეხება პოლიტიკოსების ნიღაბს, არავის შეუკვეთია. თუმცა პოლიტიკოსებს, მგონი, ისედაც აქვთ სიმბოლური ნიღაბი და ზედმეტი საჭირო აღარ არის.

შოთა თხილიშვილის ხელნაკეთი ნიღბები ყველა შემთხვევისთვის, ანუ „ხანდახან, როცა გაჩერდები“

- უჩვეულო შეკვეთა თუ გქონიათ?

- რაიმე უჩვეულო შეკვეთა არ მახსენდება. ერთხელ მთხოვეს ვიკინგის რქებიანი ჩაფხუტი დამემზადებინა. უჩვეულო ნიღბებს ძირითადად ჩემთვის ვქმნი ხოლმე. მათი გამოყენება ინტერიერისთვისაც შეიძლება. ძირითადად იაპონურ და აზიურ პერსონაჟებზე მაქვს აქცენტი, ანუ სინთოისტურ ღვთაებებსა და პერსონაჟებზე.

- ქართული მითოლოგიური პერსონაჟის ნიღაბი არ არის მათ შორის?

- ახლა მინდა, რომ ნადირობის ქალღმერთის დალის ნიღაბი გავაკეთო. მითოლოგიური პერსონაჟები საინტერესოა და კონკრეტულ ემოციას გამოხატავს – სიკეთეს, სიხარულს, აგრესიას... თუმცა არის ნიღბები, რომელიც არაფერს გამოხატავს, უემოციოა.

შოთა თხილიშვილის ხელნაკეთი ნიღბები ყველა შემთხვევისთვის, ანუ „ხანდახან, როცა გაჩერდები“

- უემოციო ნიღაბს რისთვის იყენებენ?

- ახლა მაქვს ერთი პოეტური ნიღაბი, რომელიც ჩემთვის დავამზადე, ის არანაირ ემოციას არ გამოხატავს და ცარიელია.

- პოეტური ნიღაბი უემოციო და ცარიელია?

- ახლავე აგიხსნით: პოეზიის შემთხვევაში ეს ნიღაბი უემოციო იმიტომაა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მინდა ემოცია ნიღბისგან კი არა, ლექსიდან და სიტყვებიდან მოდიოდეს.

შოთა თხილიშვილის ხელნაკეთი ნიღბები ყველა შემთხვევისთვის, ანუ „ხანდახან, როცა გაჩერდები“

- ნიღბების ბრენდზე არ გიფიქრიათ?

- დიახ, მინდა, რომ ჩემი ნიღბების ბრენდი შევქმნა და „ხელკეთა“ დავარქვა. საერთოდ მარტო ნიღბებზე არ ვარ ორიენტირებული, ამავდროულად ვხატავ, ვქმნი სკულპტურებს და ქვის ბარელიეფებს. უბრალოდ, ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული და ნიღბებზე ამიტომ შევჩერდი.

- უახლოეს დროში რაიმე ჩანაფიქრი ხომ არ გაქვთ?

- გადავწყვიტე შევქმნა ახალი ტრენდი – ჩინური ზოდიაქოს 12 ნიშნის გამოყენებით გავაკეთო ნიღბები, რომელსაც ჩვეულებრივ პირბადედაც გამოიყენებენ. მოკლედ, ეს ისეთი თემაა, რომელიც შემოქმედებით ფანტაზიას დიდ გასაქანს აძლევს.

შოთა თხილიშვილის ხელნაკეთი ნიღბები ყველა შემთხვევისთვის, ანუ „ხანდახან, როცა გაჩერდები“

- როგორია თქვენი დღევანდელი, ასე ვთქვათ, შეუნიღბავი სათქმელი, რომლითაც ადამიანებს შეგიძლიათ მიმართავთ?

- მათ ასე ვეტყოდი: გინდ ცუდად იყო, გინდ კარგად, მოუხადე სამყაროს მადლობა ყველაფრისთვის და როგორც ერთმა მაგარმა ადამიანმა მითხრა ერთხელ, მეც გეტყვით: ძალა არის შენში! ხანდახან, როცა გაჩერდები, დაფიქრდები, ბევრჯერ დაეცემი, დაგავიწყდება ვინ ხარ, სისულელეს ჩაიდენ, ბევრჯერ მაღლაც ახვალ, გულიც აგიცრუვდება ან რაიმე გაგახარებს – ეს ყველაფერი შენი გზაა, რომელსაც თავად ირჩევ როგორ წარმართო. ცხოვრება შენი მასწავლებელია, ყოველგვარი ადამიანური გასწავლის ამ გზაზე სიარულს. იყავი შეუპოვარი და არასდროს უთხრა თანადგომაზე უარი მას, ვისაც მართლა ძალიან სჭირდება...