საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

ეპიდვითარების გაუარესების გამო საქართველოს ხელისუფლებამ შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. 

რა შეზღუდვები ამოქმედდება საქართველოში

ეს შეეხება როგორც სამარშრუტო მიკროავტობუსებს, ისე ავტობუსებს და რკინიგზას. ახალი რეგულაცია ძალაში 28 ნოემბერს შევა და 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს. გამონაკლისი მხოლოდ ტაქსები იქნება.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს. 26 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 118 ათას ადამიანს გადააჭარბა, 1100-ზე მეტი პაციენტი კი გარდაიცვალა.

შექმნილი რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის ქვეყანაში რიგი შეზღუდვები მოქმედებს: პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ და ღია სივრცეებში, ტრანსპორტში, ქუჩებში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, დაკეტილია საბავშვო ბაღები, ღამის საათებში სახლიდან გასვლა აკრძალულია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.