COVID-19 - ბოლო ცნობები

არსებობს კორონავირუსის ადამიანზე გადაცემის ორი სცენარი: ჯანმო განმარტავს

ჯანმოს ექსპერტის თქმით, შინაური ცხოველები კორონავირუსით ინფიცირდებიან, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ვირუსის მარტივად გადადება.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. არსებობს კორონავირუსის ადამიანზე გადაცემის ორი ყველაზე მეტად დამაჯერებელი სცენარი, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ლაბორატორიის უფროსმა ექსპერტმა ფრანკ კონინგსმა.

სინათლე გვირაბის ბოლოს: ჯანმო პანდემიის შეჩერების შანსებზე ალაპარაკდა

მისი თქმით, პირველი სცენარის თანახმად, კორონავირუსული ინფექცია SARS-CoV-2-ის აღმძვრელი ადამიანს პირდაპირ ღამურებისგან გადაედო, ხოლო მეორე სცენარით — ვირუსი ღამურებისგან ჯერ ცხოველების ერთ ან რამდენიმე სახეობას გადაედო, იქ ადაპტირდა და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა ადამიანზე.

კონინგსის თქმით, თუ მეცნიერები ვირუსის ადამიანზე არაადაპტირებულ ვერსიას მიაგნებენ, ეს მათ დაეხმარება დაადგინონ, რა ცვლილებებია მნიშვნელოვანი ადამიანების დასაინფიცირებლად და, შესაბამისად, შექმნიან ბევრად ეფექტურ ვაქცინებსა და წამლებს.

როგორც ჯანმოს ექსპერტი განმარტავს, ამ დროისათვის მიმდინარეობს კვლევები ცხოველებზე, მათ შორის, პირუტყვსა და სხვა შინაურ ცხოველებზე, რათა დადგინდეს, რამდენად ექვემდებარებიან ისინი კორონავირუსით ინფიცირებას და შეიძლება თუ არა, რომ ისინი ვირუსის რეზერვუარი იყვნენ.

„ჩვენ ვიცით, რომ კატები და ძაღლები რაღაც ხარისხით ინფიცირდებიან [კორონავირუსით]. თუ ვირუსი უახლოეს მომავალში ცირკულაციას განაგრძობს, მათი ვაქცინაცია კარგი იდეა იქნება <…> შინაური ცხოველები ინფიცირდებიან, მაგრამ არა ისე, როგორც წაულები <…> ისინი არ ავადდებიან. ისინი ინფიცირდებიან, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ვირუსის მარტივად გადადება“, — განმარტა ექსპერტმა.

ჯანმოს მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობა 60 მლნ-ს უახლოვდება, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 1,4 მლნ კაცს გადააჭარბა.