კოვიდ-სასტუმროებს ჟანგბადის კონცენტრატორები გადაეცათ

პაციენტების კვალიფიციური მომსახურებისთვის კოვიდ-სასტუმროები თანდათანობით საჭირო აღჭურვილობას იღებენ.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კოვიდ-სასტუმროებს პაციენტების უკეთესი მომსახურებისთვის 100 ჟანგბადის კონცენტრატორი დაურიგდა, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

როდის მიიღებს საქართველო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას: ოპტიმისტური პროგნოზი >>

პირველ დეკემბერს საქართველო დამატებით 900 ჟანგბადის კონცენტრატორს მიიღებს.

„ეს ასევე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სასტუმროების ბაზაზე პაციენტების მეტად უკეთესი მართვა შევძლოთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძემ აღნიშნა, რომ კლინიკებმა უნდა მიიღონ მხოლოდ ის პაციენტები, რომლებიც ნამდვილად საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, და არა ისეთები, რომლებსაც „კოვიდ-სასტუმროდან ხედი არ მოსწონთ“.

„გარწმუნებთ, კოვიდ-სასტუმროში მყოფი ყველა პაციენტი იღებს საჭირო დახმარებას და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ჰოსპიტალურ სექტორში 279 თავისუფალი საწოლია – ჯანდაცვის მინისტრი

მისი თქმით, ყველა კოვიდ-სასტუმრო არის მიმაგრებული თავის კლინიკაზე და 18:00 საათის შემდეგ იქ ხდება პაციენტების კვლევებზე გადაყვანა. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს ესაჭიროება კლინიკაში დარჩენა, პასუხისმგებელი კლინიკა მას იტოვებს.

„თუ ეს საჭიროება არ დგას, ის დაბრუნდება სასტუმროში და გააგრძელებს იქ ადგილზე მყოფი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი ასევე შეეხო მედპერსონალის ინფიცირების თემას. მან აღნიშნა, რომ ბევრ კლინიკებში აიკრძალა ერთობლივი სადილობა, რადგან სწორედ ერთობლივად საკვების მირთმევა ხშირად გამხდარა ინფიცირების მიზეზი. ასევე, მედპერსონალი ინფიცირდება როგორც პაციენტებისგან, ასევე სამუშაოს გარეთ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად სამი ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. 26 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა უკვე 118 ათასს აღემატება.

ეპიდვითარების გაუარესების გამო საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე დამატებითი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

ქვეყანაში რიგი შეზღუდვები მოქმედებს, როგორიცაა, მაგალითად, პირბადის ტარების აუცილებლობა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, ღამით აკრძალულია გადაადგილება და ა.შ.