შოთა არველაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელობაზე უარს ამბობს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვლადიმერ ვაისმა სომხეთთან წაგებული მატჩის შემდეგ დატოვა, რის შემდეგაც გუნდი დროებით რამაზ სვანაძემ ჩაიბარა.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. პირდაპირ ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრების ჩაბარება არ მსურს და ამას თავისი ახსნა გააჩნია, განაცხადა უზბეკური „ფახთაქორის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

ორი წელი ზედიზედ – „ფახთაქორი“ არველაძის მეთაურობით უზბეკეთის ჩემპიონია>>

47 წლის ქართველი სპეციალისტის თქმით, მას ევროპიდან აქვს შემოთავაზებები, ხოლო ეროვნული ნაკრების გაწვრთნას არ გეგმავს.

„ფახთაქორის“ ხელმძღვანელობას არველაძესთან კონტრაქტის გაგრძელება უნდა

„ჩემზე არ ვფიქრობ, არ მინდა ჩემმა ახლობლებმა ინერვიულონ და გულები იხეთქონ. მარტამდე დიდი დროა და ფეხბურთის ფედერაციას აქვს შესაძლებლობა კანდიდატი შეარჩიოს“, – განაცხადა შოთა არველაძემ.

არველაძემ ტაშკენტის „ფახთაქორში“ მიღებულ გამოცდილებაზე და თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ტაშკენტში გატარებულ სამ წელიწადში დიდი გამოცდილება შევიძინე და უკეთესი გავხდი. მინდა, რომ „ბარსელონამ“ დამიძახოს, მაგრამ არ მიწვევს. მქონდა მიღწევები ჰოლანდიასა და თურქეთში. თურქეთში სულ მიწვევენ, მაგრამ „ტრაბზონზე“ უარი იმიტომ ვთქვი, რომ იქ ვერ დალაგდნენ და სულ არეულობაა. გუშინ დამიკავშირდნენ პორტუგალიიდან, ასევე მიკავშირდებიან ესპანური გუნდებიც. ვნახოთ, რა იქნება, მალე გაირკვევა ჩემი მომავალი“, – განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ვლადიმერ ვაისმა თანამდებობა სომხეთთან მარცხის შემდეგ დატოვა. როგორც ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ. იქამდე კი საქართველოს ნაკრებს ახალგაზრდა სპეციალისტი რამაზ სვანაძე ჩაუდგა სათავეში.