რა ტიპის შეზღუდვები დაწესდება და როდის ამოქმედდება: ჯანდაცვის მინისტრი განმარტებას აკეთებს

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის მოსახლეობა შობა–ახალ წელს თავისუფლად შეხვდეს.
Sputnik

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო რა ტიპის შეზღუდვები დაწესდება და რომელი რიცხვიდან ამოქმედდება – ამის შესახებ მოსახლეობას ხუთშაბათს, 26 ნოემბერს ვაცნობებთ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის განმარტებით, ამ ეტაპზე კვლავ გრძელდება ხელისუფლების კონსულტაციები ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებთან. განიხილება შესაძლო შეზღუდვების ორი ვერსია.

„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ინფიცირებულთა მნიშვნელოვან კლებას ველოდებით. ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება. ჩვენ დავაკვირდებით კლების პროცენტულ მაჩვენებელს და ორკვირიანი პერიოდის შეფასების შემდეგ შევძლებთ უფრო გამკაცრებული სქემის შემოღებას ან, პირიქით, შევეცდებით ეკონომიკური საქმიანობა უფრო მეტად მოქნილ გრაფიკზე გადავიყვანოთ“, – განაცხადა ტიკარაძემ. 

თბილისის მეტრო მუშაობდა და იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში – სატრანსპორტო კომპანია

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის მოქალაქეები ახალ წელს თავისუფალ გარემოში შეხვდნენ.

„ჩვენ, ერთი მხრივ, ვითვალისწინებთ იმ ზიანს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას კოვიდ-ინფექციის მასშტაბურმა გავრცელებამ შეიძლება მიაყენოს, მეორე მხრივ კი – ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, როცა ყველა ელოდება შობას და ახალ წელს. ამასთან, ჩვენ ვითვალისწინებთ დეკემბერში ბიზნესის აქტიურ ფაზას. ასე რომ, ჩვენი მიზანი არაა შეზღუდვების ისე შემოღება, რომ ყველა ამ კომპონენტს ზიანი მიადგეს“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 3.071 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი.