ზახაშვილი: კოვიდგადატანილმა ადამიანმაც უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს ნიღაბი

სპეციალისტის განმარტებით, როდესაც ადამიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდება, მისი აცრა  ნებისმიერი ვაქცინითაა შესაძლებელი.
Sputnik

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. არ არის გამორიცხული, ადამიანი კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდეს, ამიტომ კოვიდგადატანილმა ადამიანმაც უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს ნიღაბი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

ზახაშვილის განმარტებით, მსოფლიოში არსებობს კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების რამდენიმე მაგალითი.

COVID–იმუნიტეტს სხვა ვირუსებიც აყალიბებს: ბრიტანული კვლევა

„შესაძლებელია და ყველას გვაქვს შანსი, ცხოვრებაში რამდენჯერმე შევხვდეთ გარკვეულ ცვლილებაგანცდილ ვირუსს, რაც გამოიწვევს ხელმეორედ დაავადებას“, – განაცხადა ზახაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, იმ მომენტიდან, როგორც კი ექიმი კორონავირუსით ინფიცირებულს გამოჯანსაღებულის სტატუსს აძლევს, მისი აცრა შესაძლებელია ნებისმიერი ვაქცინით, მათ შორის გრიპის საწინააღმდეგო სეზონური ვაქცინით.

„ერთადერთი უკუჩვენება ნებისმიერი ვაქცინაციის კოვიდთან მიმართებით არის დაავადების მწვავე პერიოდი. იქამდე, სანამ შემთხვევა ექიმის მიერ განიხილება, როგორც მწვავე, მისი აცრა არ უნდა მოხდეს არც გრიპის ვაქცინით, არც სხვა გეგმური ვაქცინაციით, რომლითაც იცრებიან ჩვენს ქვეყანაში ბავშვები“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

კოვიდ - სტატისტიკა საქართველოში: დედაქალაქში კვლავ ყველაზე მეტი შემთხვევაა>>

საქართველოში კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში 3.045 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92.215-მდე გაიზარდა.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 111.818-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.