თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოდან 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე განხორციელდა 10 848 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 57,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ამ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 993 ტონით - 38%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18.4 მლნ აშშ დოლარით ანუ 48%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე პერიოდში თხილის საექსპორტო ფასი 7%-ით გაიზარდა.
ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში, იტალიაში ,ჩეხეთში, პოლონეთში, ლიეტუვაში. ბულგარეთში. ესპანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლუქსემბურგში, სლოვაკეთში, ავსტრიასა და ხორვატიაში.
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, ბელარუსი, ბრაზილია, უკრაინა, ალჟირი, კანადა, საუდის არაბეთი, მექსიკა, სირია, შვეიცარია, იორდანია, ერაყი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვა.
2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა. წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.
უწყების ცნობით, 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.