თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. არც ერთი წამალი არ უნდა მიიღოს კორონავირუსით თუნდაც მსუბუქად დაავადებულმა პაციენტმა ტელევიზორიდან ან გაზეთიდან მიღებული რჩევით, განაცხადა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ.
ჯანმო: არ დალიოთ ანტიბიოტიკები კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის>>
დავით გადელია კორონავირუსით ინფიცირებულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მკურნალობას სახლის პირობებში გადიან, რჩევებს აძლევს. მისი თქმით, პირველი 4-5 დღის განმავლობაში ანტიბიოტიკის თვითნებურად მიღება დაუშვებელია, მისი მიღება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებითაა შესაძლებელი, ისიც ზოგიერთ შემთხვევაში.
„ერთადერთი შემიძლია გითხრათ, თუ გაქვთ კოვიდი, ხართ სახლის პირობებში, გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები, იყიდეთ ბუშტები, გაბერეთ რამდენჯერმე ეს ბუშტი, წოლის დროს შეეცადეთ, რომ 15 წუთით ოთხჯერ დღის განმავლობაში გულაღმა იწვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სუნთქვითი ვარჯიშები“, – განაცხადა გადელიამ.
როგორც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, დღეს კლინიკებში ბევრი ისეთი პაციენტია მოთავსებული, რომელთაც ამის საჭიროება არ აქვთ.
„ალბათ, რომ გადაიხედოს, სულ ცოტა 30% ადამიანების ისეთები წვანან კლინიკებში, რომლებსაც არანაირი აუცილებლობა არ აქვთ, რომ კლინიკებში მოთავსდნენ. მე მინდა ვურჩიო ხალხს, 4-5 კაციან პალატაში წოლას, თუ ამის დიდი აუცილებლობა არ არის, ჯობს ერთკაციანი, კომფორტული სასტუმროს ნომრები, სადაც ყველას ჰყავს თავისი ექიმი“, – განაცხადა გადელიამ.
ამ დროისათვის საქართველოში 18 526 აქტიური შემთხვევაა, მათგან კოვიდ–კლინიკებში მოთავსებულია 6 192 ადამიანი, 3 739 – კოვიდ-სასტუმროში, ბინაზე კი 8 595 პირი მკურნალობს.
საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 111 818-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 92 215 პაციენტი, გარდაიცვალა 1 051 ადამიანი.
დასახელდა COVID-19-ის ოთხი ადრეული სიმპტომი>>
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.