COVID-19 - ბოლო ცნობები

ყოველ 17 წამში ერთი: გამოქვეყნდა კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ტემპები იკლებს, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება.
Sputnik

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ევროპის რეგიონში ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი იღუპება კორონავირუსისგან, განაცხადა ონლაინ–ბრიფინგზე ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა ჰანს კლიუგემ.

სინათლე გვირაბის ბოლოს: ჯანმო პანდემიის შეჩერების შანსებზე ალაპარაკდა

მისი თქმით, ყოველდღიურად ევროპაში საშუალოდ 4,5 ათასი ადამიანი კვდება COVID-19-სგან.

„ევროპის რეგიონში ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი კვდება COVID-19-სგან. ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობთ შევაჩეროთ დეზინფორმაციის გავრცელება, ვებრძოლოთ [კორონავირუსის] უარყოფას, ჩვენ წვლილი შეგვაქვს COVID-19-სგან ადამიანების სიკვდილის აღკვეთაში“, — განაცხადა მან.

კლიუგეს აზრით, საერთო კარანტინის დაწესების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ამისთვის ყველა ერთად გაიღებს ძალისხმევას.

ამასთან ჯანმოს ევროპული ბიუროს შეფმა ხაზი გაუსვა, რომ „დამცავი პირბადის ტარება პანაცეა არ არის“, მაგრამ ნიღბები უკიდურესად მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლისთვის და ისინი სხვა ზომებთან ერთად უნდა იყოს გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ ჯანმოს ინფორმაციით, ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ტემპები იკლებს, თუმცა ლეტალური შემთხვევების რაოდენობა იზრდება.