როგორ აღნიშნავდნენ გიორგობას საქართველოს სხვადასხვა კუხეებში – წინაპართა ტრადიციები

წმიდა გიორგი მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველად ითვლება. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისგან დახსნას.
Sputnik

საქართველოში წმინდა გიორგის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ ზეიმობენ. 6 მაისს ეკლესია წმინდანის აღსრულების დღეს აღნიშნავს, 23 ნოემბერს კი – ბორბალზე წამების დღეს.

საქართველო წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს

დღესასწაულის მნიშვნელობა

წმიდა გიორგი საქართველოს განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. მის სახელზეა აგებული ქვეყანაში ეკლესიების უმეტესობა. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან არის დაკავშირებული. დიდმოწამე გამოსახულია აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო გერბზე.

წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში მე-4 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო და თანდათან მხედარი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს, ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური მრწამსის შემადგენელი ნაწილი გახდა.

გადმოცემის თანახმად, საქართველოს განმანათლებელი წმინდა ნინო დიდმოწამის ბიძაშვილი ყოფილა და ქართველებს მისგან შეუტყვიათ წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ.

საქართველოში უამრავი ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, როგორ შეეწეოდა ხოლმე წმინდანი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში, მათ შორის დიდგორის ბრძოლაშიც.

წმინდა გიორგი იყო გამოსახული საქართველოს მეფეების, ბაგრატიონების გერბზე.

გადმოცემის თანახმად, დიდმოწამის ხატი ქართული ლაშქრის დროშებზე აბრეშუმით იყო ამოქარგული.

ბრძოლის დროს დროშა რუსთავის ეპისკოპოსს ეჭირა, მღვდლებს კი – ხატები. არცთუ იშვიათად წმიდა გიორგის გამოსახულება მეომართა ფარებზეც იყო ამოტვიფრული.

საეკლესიო კალენდარი: 6 მაისი

ვინ იყო წმინდა გიორგი

გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაში III საუკუნის მეორე ნახევარში, დაახლოებით 275 წელს. მამა, გერონტიოსი, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო, რომელმაც მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. ქმრის სიკვდილის შემდეგ გიორგის დედა, პოლიტრონია, პალესტინაში, თავის საგვარეულო მამულში გადასახლდა და ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდა შვილს. გიორგიმ სრულიად ახალგაზრდამ დაიწყო სამხედრო სამსახური და ბრძოლაში გამორჩეულმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღება მიიპყრო. მალე იმპერატორმა მას მხედართმთავრის წოდება უბოძა.

პირველ ხანებში დიოკლეტიანე ქრისტიანებს არ სდევნიდა, მაგრამ 15 წლის მმართველობის შემდეგ იმპერიაში შიმშილი, ეპიდემიები და აჯანყებები დაიწყო. ქურუმებმა და დიოკლეტიანემ ჩათვალეს, რომ ეს ქვეყანაში ქრისტიანების მომრავლების გამო მოხდა და იმპერატორმა მათი დევნა დაიწყო.

მიუხედავად აშკარა საფრთხისა, გიორგი მეფესთან შევიდა და მის წინაშე იქადაგა ქრისტიანობა, კერპთა მიმდევარნი კი გაკიცხა. დიოკლეტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება, ამიტომ მისი წამება გადაწყვიტა. დიოკლეტიანეს ბრძანებით წმინდა გიორგი ბორბალზე დააკრეს, ქვემოთ კი მახვილები დააგეს, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაისერა. მაგრამ ღვთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. წმინდა გიორგი ახლად დამბალ კირში ჩააგდეს, იგი სამი დღე იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ამ განსაცდელსაც უვნებლად გადაურჩა. მაშინ ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმელებით სირბილი აიძულეს და თან სასტიკად გაშოლტეს.

ესეც არ იკმარეს, წლების წინ გარდაცვლილი ადამიანის გაცოცხლება მოსთხოვეს. წმინდა გიორგიმ ილოცა და მართლა გააცოცხლა ადამიანი, რომელიც ქრისტეს მოსვლამდე ცხოვრობდა. როცა ვერაფერი გააწყვეს, იმპერატორის ბრძანებით წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს.

გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც ყველას აერთიანებს

წმინდა გიორგის სასწაულები

წმინდა გიორგის სასწაულების რიცხვი უამრავია. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ნიშანდობლივია:

ქალაქ ლასიაში მეფობდა ქრისტიანების მიმართ შეუბრალებელი, კერპთმსახური სელინოსი. ქალაქის მახლობლად მდებარე ტბაში გამოჩნდა ბოროტი ვეშაპი, იგი ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მისი მოკვლა ვერავინ შეძლო. დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგ-რიგობით მიეცათ მხეცისთვის შესაწირად. ყველა მოსახლემ გაიმეტა თითო შვილი და მეფის ასულის ჯერიც დადგა. შეწუხებულმა მამამ ხალხს უამრავი სიმდიდრე შესთავაზა ოღონდ კი ვინმეს აერიდებინა მისი ქალიშვილისთვის ეს მძიმე ხვედრი, მაგრამ ამაოდ. სწორედ იმ დროს, როდესაც ქალი ტბიდან ვეშაპის გამოსვლას ელოდა, გზად წმინდა გიორგიმ გაიარა, დაინახა თვალცრემლიანი ქალიშვილი და ტირილის მიზეზი ჰკითხა. ქალმა სთხოვა სწრაფად გასცლოდა ამ საშიშ ადგილს, მაგრამ წმინდა გიორგიმ მტკიცედ განუცხადა, რომ იგი მაინც არ მიატოვებდა, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა. მაშინ ქალმა მოუთხრო თავისი გასაჭირის შესახებ. წმინდა გიორგიმ დაამშვიდა იგი და უთხრა, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას. მან მაცხოვრის მიმართ აღავლინა ლოცვა, რათა მხეცის დამარცხებაში დახმარებოდა. მალე ვეშაპიც გამოჩნდა, სულიწმინდის შეწევნითა და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი წმინდანის ფეხებთან დაეცა. წმინდა გიორგიმ ქალს უბრძანა, შემოეხსნა სარტყელი, ყელზე მოება მხეცისთვის და წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი მოქალაქენი წმინდანმა დაამშვიდა: „იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოვლად ძლიერი ჭეშმარიტი ღმერთი და მე მოვკლავ ამ ვეშაპს". მეფემ და მისმა ქვეშევრდომებმა შეჰღაღადეს: „გვწამს მამა, ძე და სული წმინდა". წმინდა გიორგიმ იშიშვლა მახვილი, მოკლა გველეშაპი და ქალიშვილი მამას დაუბრუნა. ხალხი დაემხო წმინდანის წინაშე და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდა. სწორედ ამ სასწაულის აღსანიშნავად გამოსახავენ ხატებზე წმინდა გიორგის ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში, რომლითაც მხეცს კლავს.

როგორ აღნიშნავდნენ გიორგობას საქართველოს სხვადასხვა კუხეებში – წინაპართა ტრადიციები

მხეცის განმგმირავი წმინდა გიორგის სახე არის ქრისტიანობის ბოროტებასა და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა და ცდილობდა ჯალათის ხელით ადამიანთა გულებიდან ამოეგლიჯა ქრისტეს სახელი.

როგორ აღნიშნავდნენ გიორგობას ძველად

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს სხვადასხვაგვარად აღნიშნავდნენ.

მაგალითად, რაჭაში გაზაფხულის გიორგობა უქმე იყო. დილით ადრე ოჯახში ყველიან ან ქონიან რიტუალურ პურს, განატეხს აცხობდნენ, ორ სანთელს ჩამოქნიდნენ. კაცი იღებდა განატეხს, ერთ ბოთლ ღვინის ზედაშეს, სანთელს და ეკლესიაში მიდიოდა. წმ. გიორგის მშვიდობიან და მოსავლიან წელიწადს სთხოვდნენ. სანთლებს ეკლესიაში ანთებდნენ, განატეხს ეზოში ჭამდნენ და ღვინოსაც აყოლებდნენ. ამ წესის შესრულება ყველა ოჯახს ევალებოდა. წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში ისიც მიდიოდა, ვისაც ავადმყოფობის გამო ამ წმინდანისთვის შესაწირი ჰქონდა შეთქმული.

შემოდგომის გიორგობას მხოლოდ ხვნა და თესვა იკრძალებოდა. ქალებს ეკრძალებოდათ ქსოვა, თუმცა შეეძლოთ კერვა, რეცხვა და სხვა საქმე. ნოემბრის გიორგობას მლოცველი ღამისთევით მიდიოდა ეკლესიაში. უნდა ითქვას, რომ რაჭაში მთელ დასავლეთ საქართველოში ყველაზე სახელგანთქმული სალოცავი – მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს. აქ სასწაულმოქმედი ოქროს ჯვარი ყოფილა დაცული, რომლისთვისაც, გადმოცემის მიხედვით, შაჰ აბას I-ს ხმალი შეუწირავს. ამ ეკლესიაში შესაწირად მიჰყავდათ ძირითადად ხარი ან მოზვერი, მოგვიანებით კი - ცხვარი.

როგორ აღნიშნავდნენ გიორგობას საქართველოს სხვადასხვა კუხეებში – წინაპართა ტრადიციები

ლეჩხუმში გაზაფხულის გიორგობა დიდი უქმე იყო. სადილისათვის ყველა ოჯახი ყველიან ან მარილიან რიტუალურ საგიორგობო ტაბლას აცხობდა. როდესაც დიასახლისი ყველაფერს მოამზადებდა, სუფრასთან დაჯდომამდე ერთი ხელით ტაბლას იღებდა, მეორეთი - ღვინიან ჭიქას, ნაკვერჩხალზე სანთელს აკმევდა, კერიასთან ცალ მუხლზე დაიჩოქებდა და დაილოცებოდა. ღვინო დიასახლისს თავად უნდა დაელია. ტაბლის ჭამა ყველას შეეძლო. ამ წესის შესრულების შემდეგ ოჯახის წევრები სადილად სხდებოდნენ.

შემოდგომის გიორგობასაც უქმობდნენ. ამ დღეს არ შეიძლებოდა მიწის დამუშავება და კერვა, სხვა წვრილმანი საქმის კეთება არ იკრძალებოდა.

სვანეთშიც „ლიგერგი“, ანუ გიორგობა ორჯერ, 23 ნოემბერსა და 6 მაისს აღინიშნებოდა, ისევე, როგორც მთელ საქართველოში. გიორგობის ჩატარების პასუხისმგებლობას ყოველ წელიწადს მორიგეობით ერთი ოჯახი იღებდა თავის თავზე. ამ დღისთვის არჩევდნენ საკლავს, ხდიდნენ არაყს. გიორგობა დღეს სოფლის ყველა მცხოვრები მიემართებოდა მასპინძელ ოჯახში, სადაც უხუცესები სეფისკვერებით ლოცვას აღავლენდნენ, მოგვიანებით იშლებოდა საერთო სუფრა და იწყებოდა მოლხენა.

რაც შეეხება სამეგრელოს, საინტერესოა უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერები სამეგრელოს სამთავროს შესახებ. მათ აღწერილი აქვთ, თუ როგორ აღნიშნავდნენ გიორგობის დღესასწაულს სუჯუნაში.

სუჯუნაში უძველესი დროიდან იცოდნენ „ქადაგად დაცემა". სუჯუნის დეკანოზის წარდგენითა და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის კურთხევით ირჩევდნენ ერთ ღირსეულ და სათნო ქვრივ მოხუცს. იგი დეკანოზთან ერთად გიორგობამდე რამდენიმე დღეს ლოცვასა და მარხვაში ატარებდა. დღესასწაულის წინა ღამეს, მწუხრის შემდეგ ეკლესიაში რჩებოდა, სადაც შუა ადგილზე დაუდგამდნენ ტახტს მოსასვენებლად, იქვე დააბრძანებდნენ წმიდა გიორგის საქადაგო ხატს. ქადაგი იმ ღამეს ლოცვაში ატარებდა. ხალხური გადმოცემით, მას გამოეცხადებოდა წმინდა გიორგი. მეორე დღეს, ვიდრე ჟამისწირვა დაიწყებოდა, დიდი ლიტანიობით დეკანოზი და კრებული ანთებული სანთლებით, სახარებით, ჯვრით და ხატებით ქადაგს გამოუძღვებოდნენ. მოხუცი ავიდოდა სამრეკლოზე და ქადაგად დაეცემოდა. ის ხალხს ამცნობდა წმინდა გიორგის გამოცხადების შესახებ, მოუწოდებდა ცოდვების მონანიებისა და სინანულისკენ, რომ დაეცვათ რწმენა და ეკლესიის სიწმინდე, შეაჩვენებდა ქურდს, მავნესა და ყველა იმას, ვინც თავისი მოქმედებით შეურაცხყოფდა ხატსა და მორწმუნეებს. ქადაგი წინასწარმეტყველებდა მომავალზეც, ჭირნახულის მოსავალზე, ამინდზე, ლაშქრობა-ომიანობაზე და სხვ. სუჯუნის ქადაგს ხალხში დიდი გავლენა ჰქონია, დადიანებიც კი მის წინასწარმეტყველებას დიდ ანგარიშს უწევდნენ.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით