მთავრობა რესტორატორებს შეხვდა: სრული „ლოკდაუნი“ არ იგეგმება

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ სრული „ლოკდაუნი“ არ იქნება.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე მხარეებმა ვირუსის გავრცელების შენელების კუთხით გასატარებელ დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელეს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.

უმუშევრობა საქართველოში – ახალი სტატისტიკა>>

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს.

საქართველოს მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარების დამატებით პაკეტზე მუშაობს

შეხვედრაზე, რომელსაც, გარდა ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილისა, ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, დეტალურად მოისმინეს რესტორატორთა პოზიციები პანდემიის პერიოდში არსებული გამოწვევების შესახებ.

შესაძლო დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობისას შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე სრული „ლოკდაუნი“ არ იგეგმება, რადგან სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა. მათ განიხილეს, თუ რა სახის წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით.