დავით გადელია საზოგადოებას: „გთხოვთ გადადეთ დაგეგმილი ყოველგვარი ხალხმრავალი თავყრილობა“

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ქვეყანაში შექმილ რთულ სიტუაციასთან დაკავშირებით უკვე ღიად საუბრობენ და საზოგადოებას, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, სხვადასხვა ღონისძიებების გამართვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ყოველგვარი თავყრილობა კორონავირუსის გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის რისკს აჩენს – ასე ეხმაურება თბილისის ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში ქვეყანაში დღეს არსებულ ეპიდვითარებას. 

ჯანდაცვის უწყება: აუცილებელია მძიმე პაციენტებისთვის საწოლფონდის მობილიზება

საქართველოში ყოველდღიურად ფიქსირდება ახალი ანტირეკორდები ინფიცირებულთა რაოდენობისა და ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის კუთხით. გასულ დღე-ღამეში პაციენტების რაოდენობა 3958-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქართველ ექიმები ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის წინაშე აღმოჩნდეს. ისინი ხელისუფლებას ახალი შეზღუდვების დაწესებისკენ, მოქალაქეებს კი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

„ჩემი უახლოესი ადამიანები, ოჯახის წევრები ინფიცირებული არიან და მათ მკურნალობას სახლის ან კოვიდ–სასტუმროს პირობებში ვცდილობ. ამ დროისათვის კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ გამაჩნია... ჩემო საყვარელო მოქალაქეებო, გაფრთხილებთ უკანასკნელად, რადგანაც ცოტა ხანში ამ გაფრთხილებას მნიშვნელობა არ ექნება – გადადეთ დაგეგმილი ყოველგვარი ხალხმრავალი თავყრილობა!“ – წერს გადელია საკუთარ Facebook-გვერდზე.

კლინიკის დირექტორი საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ელემენტარული წესები და თავი შეიკავონ სხვადასხვა ხალხმრავალი ღონისძიებებისგან. ვერანაირი პოლიტიკური ამბიცია ვერ მივა ერის ფიზიკური გადარჩენის საკითხთან, დასძენს გადელია. 

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: დედაქალაქში კვლავ ყველაზე მეტი შემთხვევაა

„ვირუსის მასიური გადადება ძირითადად ოჯახის წევრებისგან და სუფრასთან ერთად ყოფნის დროს ფიქსირდება. ერთად დავიცვათ რეგულაციები, ერთად გავწყვიტოთ ვირუსული გადაცემების ეს ჯაჭვი, რომ ისეთივე მშვიდ გარემოში შევძლოთ ავადმყოფთა მართვა, როგორიც გაზაფხულზე გვქონდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა მძვინვარებს. მიუხედავად ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა, საქართველოს მთავრობა სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადებაზე უარს აცხადებს.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო საქართველოში უკვე მოქმედებს ნაწილობრივი „ლოკდაუნი“ და წერტილოვანი შეზღუდვები. კერძოდ, 9 ნოემბრიდან ქვეყნის შვიდ დიდ ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება. მოქმედებს სხვა შეზღუდვებიც, მათ შორის როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 108.690-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 89.170 შეადგინა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.