თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუსის ეპიდემიამ შეიძლება წითელას აფეთქება გამოიწვიოს, აცხადებენ მელბურნის ბავშვთა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები, რომელთა ნაშრომიც ჟურნალ Lancet–შია გამოქვეყნებული.
მკვლევართა აზრით, წითელას აფეთქება შეიძლება პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა, კერძოდ, ბავშვების ვაქცინაცის შეჩერებამ გამოიწვიოს. მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს ჯანმოს მონაცემებზე, რომლის თანახმადაც, ოქტომბრის ბოლოსთვის წითელაზე დაგეგმილი აცრა ჩატარებული არ ჰქონდა 26 ქვეყნის 94 მლნ ბავშვს.
„2020 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემები აჩვენებს, რომ წითელას შემთხვევები ქვეყნების უმეტესობაში მცირდება, თუმცა ეს შემცირება უფრო ავის მომასწავებელია, ვიდრე იმედის მომცემი, და მომავალში აფეთქებაზე მეტყველებს“ , — მიაჩნიათ სწავლულებს.
გარდა ამისა, მელბურნელი მკვლევარების აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა ქვეყნების კონომიკაზე, იზრდება შიმშილობის დონე, ხოლო არასაკმარისი კვება და დაქვეითებული იმუნიტეტი ხელს უშლის წითელასგან განკურნებას.
მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ უახლოეს ხანებში წითელაზე აუცრელი ბავშვების რაოდენობაც მოიმატებს და კვების უკმარისობაც — განსაკუთრებით, ღარიბ დასახლებებში. ეს კი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მომავალ წელს წითელა ეპიდემიაში გადაიზრდება.