კობახიძე: ოპოზიცია ფარულად აქტიურად მუშაობს ამომრჩევლის მობილიზებაზე

კობახიძემ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა და შეახსენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, მათი გვარები მაინც რჩება ბიულეტენებზე
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიცია ფარულად აქტიურად მუშაობს ამომრჩევლის მობილიზებაზე, შესაბამისად, ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებთ, რათა ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად მოიგონ არჩევნების მეორე ტური, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კობახიძე: არჩევანი ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე გავაკეთე

საქართველოში დღეს საპარლამენტო  არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების პირველი ტურის შედეგებს და არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტს უცხადებს. მათმა ნაწილმა საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ მონაწილეობენ არჩევნებში, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც რჩებიან. 

„დღეს ბოლომდე უნდა მივიყვანოთ გამარჯვება, რომელსაც 31 ოქტომბერს საქართველოს მილიონამდე მოქალაქემ ჩაუყარა მყარი საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა, წინა საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ამჯერადაც უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, შეგახსენებთ, რომ მათი გვარები რჩება ბიულეტენებზე და ისინი ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1941 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური უბანი.

გახარია: უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა>>

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 2 140 210 ადამიანი.