კობახიძე: ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ კანდიდატებს

არჩევნების მეორე ტურმა დღეს ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩაიარა, მათმა ნაწილმა საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიეღოთ.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. მმართველ პარტიას დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა დაუჭირა  მხარი, ხოლო ოპოზიციამ 50 ათასზე მეტი ხმა ვერ დააგროვა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კობახიძე: მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი >>

დღეს საქართველოს 17 საარჩევნო ოლქში საპარლამენტო  არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

ოპოზიცია არ აღიარებს  არჩევნების პირველი ტურის შედეგებს და არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტი გამოუცხადა. მათმა ნაწილმა საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიეღოთ. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატებმა არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩნენ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არჩევნების მეორე ტურში აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი იმ ფონზე, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე.

„გვინდა,  გაგაცნოთ არჩევნების წინასწარი შედეგები, შემოსულია უკვე 300-ზე მეტი უბნის მონაცემები ოქმების მიხედვით.  17 მაჟორიტარულ ოლქში დამაჯერებლად, დიდი უპირატესობით იგებს „ქართული ოცნება“... მადლობას ვუხდით მათ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის. დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ კანდიდატებს 17 მაჟორიტარულ ოლქში. ამით ჩვენ გავიმეორეთ ის შედეგი, ხმების თვალსაზრისით, რაც გვქონდა არჩევნების პირველ ტურში ამავე ოლქებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბათუმის საოლქო კომისიასთან ე.წ. სირცხვილის დერეფანს აწყობენ, არიან დაკავებულები

რაც შეეხება ოპოზიციის კანდიდატებს, როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათ 50 ათასი ხმა მიიღეს.

„ისინი აქტიურობდნენ და ამის დამსახურებაა, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა აიღეს 50 000 ხმა. მიუხედავად იმისა, რომ მათ საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული არჩევნებში არმონაწილეობის შესახებ“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, როდესაც ზედიზედ მეორე არჩევნებში, გაყალბების საბაბით, ოპოზიცია უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე, ეს საქართველოს უქმნის უხერხულობას საერთაშორისო პარტნიორების თვალში.

„იმედია, ოპოზიცია ამას სამომავლოდ გაითვალისწინებს და ამ უხერხულობას აღარ შეუქმნის ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამჟამად საარჩევნო უბნები დახურულია. მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა.

ამომრჩეველმა დღეს  17 ოლქში საკუთარი არჩევანი იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთა, რომელთაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ. საკუთარი არჩევანი  ამომრჩევლების 26,29% -მა (562 664)  მოქალაქემ გააკეთა.