თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ე.წ. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ექვსივე არასრულწლოვანს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სასამართლომ ბრალდებულებს გამამტყუნებელი განაჩენი ჯერ კიდევ 13 ნოემბერს გამოუტანა, თუმცა მაშინ არ გამოუცხადებია სასჯელის ზომა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამ არასრულწლოვანს, რომლებსაც ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თითოეულს ხუთი წლითა და სამი თვით პატიმრობა შეეფარდა. ასევე ძალდობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლით განესაზღვრა სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთ არასრულწლოვანს.
რაც შეეხება კიდევ ორ არასრულწლოვანს, მათ ძალდობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის გარდა, ბრალი ჰქონდათ წარდგენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. თითოეულ მათგანს სასამართლომ ექვსი წლითა და ცხრა თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.
ამ შემთხვევას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი – ერთი მცხეთაში და მეორე თბილისი–მცხეთის გზაზე. სწორედ ამ ჩხუბის ეპიზოდებზე გამოაცხადა გადაწყვეტილება დღეს მცხეთის სასამართლომ.