ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა თბილისის ცენტრში მძევლები აიყვანა – ვიდეო

თბილისის ცენტრში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ს ოფისში ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა.
Sputnik

ქსელში გავრცელდა კადრები, რომლებზეც სავარაუდო დამნაშავე განცხადებას აკეთებს. ვიდეოს თანახმად, შესაძლოა მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება. მას ცხრა ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.

„პირველი – შეიკრიბოს ყველა პარლამენტარი პარლამენტში, რომლებიც არჩევნებამდე იყვნენ წევრები და ისინიც, ვინც მონაწილეობენ არჩევნებში. მეორე – გამოსცენ კანონი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალავს აზარტულ თამაშებს. არ აქვს მნიშვნელობა, ინტერნეტ-სივრცეში იქნება ეს ხელმისაწვდომი თუ სადმე სხვაგან“, – ამბობს თავდამსხმელი. 

თავდამსხმელი ვიდეომიმართვას ავრცელებს: „ვინც მიყურებთ, ყველა მიყვარხართ“

ის ასევე მოითხოვს საბანკო წლიური პროცენტის 7%-მდე დაწევას კრეტიდებზე და ფასების დაწევას წამლებზე.

ამ ეტაპზე ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გატარებულია ყველა გადაუდებელი ღონისძიება. შსს მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ, მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ.

თითქმის ერთი თვის წინ მსგავსი შემთხვევა მოხდა ზუგდიდში. 21 ოქტომბერს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და მძევლად 40-ზე მეტი ადამიანი აიყვანა. დამნაშავე ნახევარ მილიონ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვდა. ხელისუფლებამ მას ორივე მოთხოვნა შეუსრულა. დამნაშავე დღემდე იძებნება.