თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიცია, მიუხედავად საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტისა, მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში თავისი ამომრჩევლის მობილიზებას ახდენს, განაცხადა ბრიფინგზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
შაბათს, 21 ნოემბერს 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა კანონმდებლობა ამ ეტაპზე უარს არ ცნობს, ამიტომ ბიულეტენებში ოპოზიციის ყველა ის კანდიდატი იქნება მითითებული, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ.
„მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ხვალ ამომრჩევლის მობილიზებისთვის. აქედან გამომდინარე, გვინდა მოვუწოდოთ და ვთხოვოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ისევე იაქტიურონ ხვალ, როგორი აქტიურობითაც გამოირჩეოდნენ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში“, – განაცხადა კალაძემ.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს. პროტესტის ნიშნად მათ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს.