ბოიკოტი და კონსტიტუციის ნორმები: იქნება თუ არა საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული?

მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში შევლენ, მაგრამ ეს უკანასკნელნი ასე არ ფიქრობენ.
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია პარლამენტში მარტო არ დარჩება. 

რიჟვაძე: არჩევნების დღეს ნებისმიერი არეულობის მცდელობას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება

ქართული ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნით ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ წყდება. პარლამენტში შესული ყველა ოპოზიციური პარტია პროტესტის ნიშნად უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ კობახიძემ ისაუბრა მექანიზმებზე, რომლებიც მმართველ პარტიას სიტუაციის კონტროლის საშუალებას მისცემს.

„ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება ოპოზიციამ წააგოს არჩევნები, განაცხადოს, რომ არ შედის პარლამენტში, მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. კონსტიტუცია ჭკვიანი ადამიანების მიერაა დაწერილი და იგი შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს შეიცავს. ეს გულისხმობს, რომ პარლამენტის და მისი უმრავლესობის ხელშია – ერთპარტიულს დატოვებს თუ არა პარლამენტს. ანუ, შესაბამისად, შეიძლება მარტივად პარლამენტმა გააკეთოს ის, რომ მოლაპარაკების სივრცე გახსნას შემდგომი ოთხი წლითაც კი“, – აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, პროცედურები გაწერილია იმგვარად, რომ პარლამენტის ნების გარეშე ვერავინ შეძლებს შანტაჟის განხორციელებას.

„თავდაპირველად ხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა. ანუ, მიუხედავად იმისა, რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს კონკრეტულ დეპუტატს, 150-ვე დეპუტატი ითვლება დეპუტატად მას შემდეგ, რაც პირველ სხდომაზე 76 დეპუტატი, ანუ უმრავლესობა დაადასტურებს მათ უფლებამოსილებას. ამის შემდეგ თითოეულ მათგანს შეუძლია, რა თქმა უნდა, დაწეროს განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე, მაგრამ პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა მათ პარლამენტს. ეს არის შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი. პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციის რეაქცია

კობახიძის განცხადებას რეაქცია მოჰყვა ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან, რომლებიც არ აპირებენ პარლამენტში შესვლას მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.  

„ამით არაფერი იცვლება. ის, რომ შეუძლიათ ჩვენი პარლამენტში ფორმალურად დატოვება, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ საპარლამენტო საქმიანობაში. ჩვენ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, არ ვაპირებთ იმ ფარსში მონაწილეობას, რა ციფრებითაც ბიძინა ივანიშვილმა დააკომპლექტა პარლამენტი... აბსოლუტურად ყველა დეპუტატი დაწერს განცხადებას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, შემდეგ კი თავად გადაწყვიტონ – მხარს დაუჭერენ თუ არა“, – განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

ოპოზიციურ პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“, თავის მხრივ, პარლამენტის ექს-სპიკერი კანონმდებლობის არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულეს.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კობახიძე საკონსტიტუციო ალქიმიით, კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაციით და, შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებითაა დაკავებული“, – განაცხადა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ. 

რიჟვაძე: არჩევნების დღეს ნებისმიერი არეულობის მცდელობას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება

ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის სიტყვებით კი, ჯერ არ არსებობს ისეთი მექანიზმი, რომელიც ადამიანს აიძულებს იყოს პარლამენტის წევრი საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ.

„ისინი იმყოფებიან ისეთ რთულ სიტუაციაში, რომ უკვე ისეთ სისულელეებს ლაპარაკობენ, რომელსაც იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელიც კი არ იტყვის. არავითარი მსგავსი მექანიზმი არ შეიძლება არსებობდეს არც კონსტიტუციაში, არც ბუნებაში, რომ აიძულოს ადამიანი, იყოს პარლამენტის წევრი. ეს ნიშნავს, რომ ისინი ძალიან შეშფოთებული არიან ერთპარტიული პარლამენტის პერსპექტივით. ისინი მიიღებენ ერთპარტიულ პარლამენტს, თუ სერიოზულ ნაბიჯებს არ გადადგამენ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა კობახიძე არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.

„რაც შეეხება მექანიზმს, რომ უმრავლესობა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ შეგვიყვანს პარლამენტში, ეს წმინდა წყლის ტყუილია. ესაა არაკომპეტენტურობის დემონსტრირება კობახიძის მხრიდან. არავის აქვს უფლება, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ შეგვიყვანოს ან გამოგვიყვანოს პარლამენტიდან. მით უმეტეს, ამის უფლება არ აქვს კობახიძეს და უმრავლესობას“, – განაცხადა ინაშვილმა.

რას ამბობს კანონი

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით. დაუშვებელია პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე კენჭისყრა, ვიდრე მიღებული არ იქნება გადაწყვეტილება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერებასთან დაკავშირებით. 

აქციები არ იქნება: ოპოზიცია არჩევნების დღეს პროტესტზე უარს აცხადებს

საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის გათვალისწინებით, უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი წყვეტს დადგენილებით.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე წყდება, თუ ის პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართავს.

პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს იხილავს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ბიუროს წარუდგენს. ბიუროს, თავის მხრივ, საკითხი განსახილველად უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს.