„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურზე ე.წ. სირცხვილის დერეფნებს აღარ მოაწყობს

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 ოლქშია დანიშნული, თუმცა ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურს ბოიკოტს ცხადებს და მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობს.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დროს საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფნებს აღარ მოაწყობს, თუმცა იქნება წერტილოვანი პროტესტი, განაცხადა პარტიის რუსთავის მაჟორიტარობის კანიდატმა დავით კირკიტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

არჩევნების მეორე ტური და ოპოზიციის გეგმა – ვიდეო>>

რამდენიმე დღის წინ ბათუმში საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ვარშალომიძემ მომხრეებს მოუწოდა, მოუწყონ „სირცხვილის დერეფნები“ იმ ამომრჩევლებს, ვინც მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს.

სახალხო დამცველის აპარატი: ე.წ. სირცხვილის დერეფანი ამომრჩეველზე ზეწოლაა

კირკიტაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა არც ხელის შეშლას აპირებს.

„არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და გამჭირვალე. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ დააგროვა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ხელისუფლებამ, ხელისუფლებამ იკადრა ის, რაც არ უნდა ეკადრა და აპირებს ამის გაგრძელებას 21-შიც. ამიტომ ჩვენ, ყველა კანდიდატი უარს ვაცხადებთ მონაწილეობა მივიღოთ ამ ფარსში“, – განაცხადა კირკიტაძემ.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს მოუწოდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღებისგან თავი შეიკავონ.

ბურჯანაძე: მე არავის კონსტიტუციური უფლების შელახვას არ ვუჭერ მხარს>>

„მიუხედავად ჩვენი ამ განცხადებისა და ჩვენი საჯარო პოზიციისა, ბიულეტენში მაინც იქნებიან ის კანდიდატები დაფიქსირებული, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ. ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს ერთი რამ, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას და მოვუწოდებთ მათაც, რომ თავი შეიკავონ ამ ფარსში მონაწილეობისგან, რომელსაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი უწოდებს არჩვენებს“, – განაცხადა კირკიტაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ბოიკოტის გამოცხადება უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 ოლქშია დანიშნული.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია შედის: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

წინასწარი გათვლებით, მეორე ტურის შედეგებისგან დამოუკიდებლად, „ქართული ოცნება“ 76 მანდატს, საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს.

მომხრეები და მოწინააღმდეგეები - ქართულ ოპოზიციაში ახალი უთანხმოება გაჩნდა

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები ტარდება. კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში არჩევნები კანონის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ოპოზიციას მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ აქვს.