თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოსახლეობას მოუწოდა, არ დალიონ ანტიბიოტიკები რომელიმე დაავადების პროფილაქტიკის მიზნით და ექიმის დანიშნულების გარეშე. ამის შესახებ წერს РИА Новости.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ევროპაში იზრდება ანტიბიოტიკების მიმართ ორგანიზმის მდგრადობის განვითარების რისკი, რასაც COVID-19-ის პანდემიის დროს ამ პრეპარატების არასწორი მიღება იწვევს.
„მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ანტიბიოტიკი არ კურნავს და არ იცავს COVID-19-ის მსგავსი ინფექციებისგან, ევროპის რეგიონის ცხრა ქვეყანასა და ზონაში ჩატარებული ადამიანების ქცევის კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ანტიბიოტიკების გამოყენება პანდემიის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობასთან ერთად იზრდებოდა“, - ნათქვამია ჯანმოს ევროპის ბიუროს განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კვლევის თანახმად, იმ ადამიანების 79-96%, რომლებიც ანტიბიოტიკებს იღებდნენ, არ იყვნენ ავად COVID-19-ით, მაგრამ წამლებს სვამდნენ კორონავირუსისგან თავის დასაცავად. ასევე სტაციონარებში გადაყვანილი პაციენტების მხოლოდ 15%-ს სჭირდებოდა ანტიბიოტიკები, ვინაიდან მათ აღენიშნებოდათ თანმდევი ბაქტერიული ინფექციები, თუმცა პრეპარატი დაავადებულების 75%-ს გამოუწერეს.
ჯანმოში ასევე აღნიშნეს, რომ ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მესამე თაობამ მალევე შეიძლება დაკარგოს ეფექტურობა, რადგან ევროპის არაერთი სამედიცინო დაწესებულება პანდემიის დასაწყისში ცდილობდა ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას მსგავსი პრეპარატებით.