თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. ცნობილ ქართველ პოეტს, მწერალსა და მთარგმნელს, შოთა იათაშვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა, ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.
პოეტი ყვება, რა სიმპტომებით გამოუვლინდა ვირუსი. თავიდან იათაშვილს სიცხემ აუწია და ოჯახის წევრებმა ის ცალკე ოთახში „შეაგდეს“. შედეგად 17 ნოემბერს მწერალმა გაიკეთა ტესტი, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა.
„არ მეჯერებოდა, რადგან არავითარი გართულება არა მაქვს: არც სუნთქვის პრობლემები, არც სისუსტე, არც არაფერი“, - წერს იათაშვილი და აღნიშნავს, რომ ერთადერთი რასაც უჩივის - ცვალებადი სიცხეა.
ამასთან, მწერლის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და მუშაობაც შეუძლია. „ასე იოლად თუ მოვიხდი, რა ჯობია მაგას!“ - წერს იათაშვილი.
შოთა იათაშვილი - პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, ლიტერატურული კრიტიკოსია. დაიბადა 1966 წელს თბილისში. რამდენიმე პოეტური კრებულის და მოთხრობათა კრებულის ავტორია. პრემია „საბას“ ლაურეატია საუკეთესო პოეტური კრებულისთვის (2007) და ფესტივალ „კიევური ლავრების“ საერთაშორისო პრემიის ლაურეატია (2009). ლექსებს წერს რუსულ და ქართულ ენებზე. 2020 წელს იათაშვილმა თავისი პირველი რომანი „დამწყები – მაქსიმალისტური რომანი“ გამოსცა.