წულუკიანი: აშშ-ის ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების საკითხი არ განიხილება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ორდღიანი ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა თეა წულუკიანმა. 

თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოდის

მთიან ყარაბაღში რუსი სამხედრო კონტინგენტის განთავსების ფონზე ქართველი ექსპერტების ნაწილმა ვარაუდი გამოთქვა, რომ აშშ-ში კავკასიაში საკუთარი პოზიციების გამტკიცებას მოისურვებენ. ექსპერტებმა ამასთან დაკავშირებით არ გამორიცხეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში – საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ბაზების განთავსების საკითხის განხილვის შესაძლებლობაა.

„ეს საკითხი არ დგას როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ დღის წესრიგში, ყოველ შემთხვევაში, მე არ მსმენია. ეს ის არ არის, რაზეც ჩვენ ვმსჯელობთ და განვიხილავთ დღეისათვის“, – განაცხადა წულუკიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე შედგება – 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და დეპუტატის მანდატებზე უარს აცხადებენ. 

ყველაფერი განსაკუთრებულად მოხდება: ოპოზიცია პომპეოს აქციით დახვდება

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო სექტორს.

ქართული პრესა პომპეოს ვიზიტს რეგიონული პრობლემატიკის კონტექსტში აქტიურად განიხილავს, რაც დაკავშირებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტასთან და მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების შეყვანასთან. იმ თემებს შორის, რაც ყველაზე მეტად განიხილება, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებაა, თუმცა ამ ეტაპზე ამ ვერსიის რაიმე სახის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.

საქართველოს საგარეო უწყების განმარტებით, განსახილველ პრიორიტეტულ თემებს შორის იქნება თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროებში.