15 ნოემბერს დასრულდა საბავშვო ფილმების მეათე საიუბილეო (ON LINE) საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა -2020", რომლის მთავარი პრიზი საქართველოში დარჩა.
გასულ კვირაში - 13, 14 და 15 ნოემბერს თბილისმა უკვე მეათედ უმასპინძლა ფესტივალს, რომელშიც წელს ოცი ქვეყნის მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა. „ოქროს პეპელას“ ორგანიზატორები არიან კომპანია „ოქროს პეპელა“ და თბილისის ევროპული სკოლა. საერთაშორისო ჟიურიმ ფესტივალზე წარმოდგენილი 87 ფილმიდან საკონკურსოდ 40 ფილმი შეარჩია.
რაც შეეხება გამარჯვებულს, 16 წლის საბა ბოდოკია გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ფესტივალისთვის მან წარადგინა ხუთწუთიანი ფილმი „გრძნობათა ქაოსი", რომლის რეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი თავადაა.
საბასთვის ეს პირველი საერთაშორისო კონკურსი და, შესაბამისად, პირველი გამარჯვებაა. ნიჭიერ მოზარდს ბევრი გატაცება აქვს, ფილმი ფაქტობრივად მის საინტერესო შინაგან სამყაროს ასახავს. ეს ერთგვარი მცდელობაა, რომ კინოხერხების საშუალებით პასუხი გაეცეს პიროვნული დამკვიდრების გზაზე მყოფი მოზარდის მარადიულ კითხვებს...
- საბა, გილოცავ წარმატებას და ტრადიციული პირველი კითხვა გამარჯვებულს: თუ ელოდი ასეთ შედეგს და რას ნიშნავს შენთვის ეს გამარჯვება?
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის, რაც შეეხება ფილმს, გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. დაჯილდოებისას ოპერატორთა ნომინაციაში მეორე ადგილი ავიღე, ამ ფაქტმა ძალიან გამახარა და იმის მცირე იმედი, რომ ფესტივალის გამარჯვებული გავხვდებოდი, ბოლომდე გადამეწურა. ვეცადე ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ჩემ წინ დადებულ ქაღალდზე ხატვა დავიწყე, სწორედ ამ დროს მომესმა ჩემი ფილმის სახელი, ამან იმდენად ამაღელვა, ამანერვიულა და ამავდროულად გამაკვირვა, რომ სიტყვებს თავი ვერ მოვაბი.
- „ოქროს პეპელა“ შენთვის პირველი ფესტივალია...
- დიახ, ეს პირველი ფესტივალია, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, შესაბამისად, ჯილდოც პირველია ამ სფეროში. დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ჟიურის, ორგანიზატორებს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პრიზი ჩემი ფილმისთვის გაიმეტეს. ეს ჩემთვის არა უბრალოდ წარმატება, არამედ მომავალი გეგმების განხორციელებისთვის ძალიან დიდი მოტივაციის მომცემია.
- შენს ფილმში, რომელსაც უწოდე „გრძნობათა ქაოსი" გადმოცემულია ადამიანური გრძნობები და განცდები, რატომ შეარჩიე ასეთი ფსიქოლოგიური თემა?
- ადამიანი ძალიან საინტერესო არსებაა, ფსიქოლოგიით კი წლებია გატაცებული ვარ. 13 წლის ვიყავი, როცა დავინტერესდი, თუ ვინ ვიყავი რეალურად, რა მიზანი მქონდა, რატომ ვცხოვრობდი და რა იყო ზოგადად ცხოვრება. მერე თვეების განმავლობაში ხშირად ვიკეტებოდი საკუთარ თავში და ვეძებდი ამ კითხვებზე პასუხს. ცოტა ხანში მივხვდი, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ კითხვებზე პასუხი ჰქონდა, საკუთარი თავი იყო... საბა ბოდოკია, როგორც პიროვნება, მისი შინაგანი სამყაროთი, სურვილებითა და მიზნებით სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა. მინდა ფილმების მეშვეობით მაქსიმალურად გავუზიარო ჩემი გრძნობები ადამიანებს, რომ ჩავახედო ამ სამყაროში და იგივე კითხვები მათაც დაუსვან საკუთარ თავს: ვინ არიან და რა უნდათ ცხოვრებაში?..
- ფილმის პერსონაჟებზე რას იტყვი?
- ზოგადად, ეს სფერო იმდენად არის ჩემში, რომ საკუთარ ცხოვრებასაც აღვიქვამ ფილმად, რომელშიც მთავარი პერსონაჟი, რა თქმა უნდა, ისევ მე ვარ. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამას ჩემი ტვინი როგორღაც იჯერებს და რეალობიდან მწყვეტს. ამ დროს ვიკეტები ჩემს სამყაროში, საკუთარ ოთახში, საკუთარ თავში. აი, სწორედ ამ დროს „ჩნდება“ ჩემი თავის სხვადასხვა ვერსია, ანუ სხვადასხვა პიროვნება, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან საინტერესო დიალოგებს მართავენ. თუ დაუკვირდებით, ამაზე „გრძნობათა ქაოსშიც" საუბრობს ერთ-ერთი პერსონაჟი. ეს პერსონაჟები ყველა ჩემში არსებული სხვადასხვა პიროვნების ჩვენებაა, ეკრანიზაციაა.
- საკუთარი გრძნობათა ქაოსის გადმოსაცემად ყველაზე პოპულარული და მასობრივი – კინოხელოვნება შეარჩიე...
- პირველად კამერის, ოღონდ, როგორც გასართობი საშუალების მიმართ ინტერესი ცხრა წლის ასაკში გამიჩნდა. 12 წლისა უკვე ვწერდი სცენარებს ჩემს მეგობრებთან ერთად და ვიღებდით მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რომელთა დასრულების შესაძლებლობა, სამწუხაროდ, არ გვეძლეოდა სხვადასხვა მიზეზების გამო. იმ წლების შემდეგ გემოვნება რადიკალურად შემეცვალა, ახლა უკვე, შეიძლება ითქვას, საკუთარი სტილიც მაქვს არჩეული.
- ყველაზე რთული და საინტერესო რა იყო ფილმის გადაღების დროს?
- ფილმის გადაღებისას ყველაზე რთული ალბათ დროის სწორად განაწილება იყო, რადგან გადაღებების ნაწილი მიმდინარეობდა 30 ოქტომბერს, მაშინ, როცა ფესტივალზე გაგზავნის ბოლო ვადა ამავე დღის 00:00 საათამდე იყო. ყველაზე საინტერესო იყო ჩემი დამოკიდებულება იმ გამოწვევისადმი, რომელიც ჩემივე გადაწყვეტილებით დავაკისრე საკუთარ თავს. აქვე აღვნიშნავ, რომ სურვილებისა და მიზნისთვის მაქსიმალური ბრძოლა ყოველთვის იძლევა დადებით შედეგს.
- ფილმი მსახიობებისთვისაც სადებიუტო იყო?
- ფილმში მონაწილეობენ თემურ ბოდოკია, თორნიკე სირაძე, ნინა ხაინდრავა. მათი შესრულების მანერა სასიამოვნოდ მაკვირვებს და მახარებს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს მათი წარმატებული დებიუტიცაა. ჩემს ფილმში ასევე მეორეხარისხოვან (მცირე) როლებში არიან გულნარა მარგველაშვილი და ეკატერინა ტყეშელაშვილი. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ნდობისა და თანხმობისთვის, რომ ჩემს მცირე ნამუშევარში მიეღოთ მონაწილეობა.
- მომავალი ფილმის თემა თუ გაქვს მოფიქრებული?
- მეორე ფილმის გადაღებები ზაფხულში დავიწყე და ზამთარში დავასრულებ. მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 12 წუთს მოიცავს. ფილმი განსხვავებულ ადამიანზეა, რომელიც ერთფეროვან დედამიწაზე უსახო ადამიანთა გარემოცვაში ცხოვრობს, შინაგანად კი საკუთარ სიზმრებსა და სამყაროშია დასახლებული. ასევე ვიწყებ მუშაობას სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარზე, რომლის გადაღების საშუალება, იმედი მაქვს, რამდენიმე წელში მომეცემა.
- შენი ფილმის მთავარი არსი ერთი წინადადებით როგორ შეიძლება გამოხატო?
- არსს გამოვხატავდი იმ წინადადებით, რომლითაც თავად ფილმი სრულდება: „მე ქაოსში დაკარგული პერსონაჟი ვარ, რომელიც ცდილობს ცხოვრება ერთ დიდ წიგნად ან ფილმად აქციოს"...