ნათელაშვილმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადა

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება და, სავარაუდოდ, მოხდება ისე, რომ მმართველი პარტიის კანდიდატებს კონკურენტები არ ეყოლებათ.
Sputnik

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ლეიბორისული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალურად მიმართა, რათა მან საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურიდან მისი კანდიდატურა მოხსნას, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ნათელაშვილი მაჟორიტარული სისტემით მეორე ტურში ნაძალადევის ოლქში გავიდა. მისი კონკურენტი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი უნდა ყოფილიყო.

კობახიძე იმედოვნებს, რომ ოპოზიცია მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას

როგორც ნათელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ აღიარებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და აცხადებს, რომ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უარს ამბობს მანდატსა და მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მან თავის ამომრჩეველს მოუწოდა, არ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და არ მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა.

მეორე მხრივ, თუ ლეიბორისტული პარტია პარლამენტში შესვლას დათანხმდება, შალვა ნათელაშვილი პარლამენტში პროპორციული სიით მაინც ხვდება – ის პარტიული სიის სათავეშია. მისმა პარტიამ არჩევნებზე ხმების 1% დააგროვა და ერთი დეპუტატის ადგილი მიიღო.

რაც შეეხება პროცედურებს, ცესკოში აცხადებენ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, მეორე ტურში კანდიდატის გვარი, თუნდაც მან თავისი კანდიდატურა მოხსნას, საარჩევნო ბიულეტენში მაინც იქნება და კანდიდატურის მოხსნა მხოლოდ ხმების დათვლის შემდეგ არის შესაძლებელი.

არჩევნები საქართველოში: IRI-ს შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორი კვირაა საპროტესტო აქციები ტარდება. კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

სიტუაციის მოგვარებას დასავლელი დიპლომატიური მისიები ცდილობენ, რომლებიც მხარეებს მოლაპარაკებებზე იწვევენ, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციები არ შეცვლილა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს ჩატარდება.