მსოფლიო დღეს

NYT: რამდენიმე დღის წინ ტრამპი ირანზე თავდასხმას გეგმავდა

ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს გასულ კვირაში დონალდ ტრამპი ირანზე თავდასხმას გეგმავდა, ამერიკულმა წამყვანმა გამოცემამ გაავრცელა.
Sputnik

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გასულ კვირაში თათბირი ჰქონდა თავის მრჩევლებთან ირანის მთავარ ბირთვულ ობიექტზე „უახლოეს კვირებში“ შეტევასთან დაკავშირებით, წერს გაზეთი New York Times მოქმედ და ყოფილ ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით.   

ყოველკვირეული სანქცია: აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციების დიდ პაკეტს ამზადებს

გამოცემის ინფორმაციით, ტრამპს ირანის ბირთვულ ობიექტზე იერიში ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კრისტოფერ მილერმა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების ხელმძღვანელობის გაერთიანებული კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ გადააფიქრებინეს. მათი თქმით, ეს ნაბიჯი ფართომასშტაბიან კონფლიქტს მოიტანდა.

NYT-ის ვარაუდით, ნებისმიერი იერიში — იქნებოდა ეს კიბერშეტევა თუ სარაკეტო დარტყმა, „თითქმის ნამდვილად“ იქნებოდა მიმართული ნათანზის ბირთვული ობიექტისკენ.

„მას შემდეგ, რაც პომპეომ და გენერალმა მილიმ სამხედრო ესკალაციის პოტენციური რისკები აღწერეს, ჩინოვნიკებმა შეხვედრა იმ რწმენით დატოვეს, რომ სარაკეტო შეტევა ირანის ტერიტორიაზე უკვე აღარ განიხილება“, — წერს გაზეთი.

მანამდე პორტალი Axios ასევე წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ისრაელთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად, ირანის წინააღმდეგ უამრავი ახალი სანქციის დასაწესებლად ემზადება.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც შეერთებულმა შტატებმა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მიდამოებში სპეცოპერაციის შედეგად ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი და აბუ მაჰდი–ალმუჰანდისი მოკლეს. ამ ორს ვაშინგტონი 2019 წლის 31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე მოწყობილი თავდასხმის ორგანიზატორებად მიიჩნევდა.