სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა სასამართლოდან გათავისუფლების შემდეგ თავის მხარდამჭერებს განუცხადა, რომ არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული, ხოლო ხელისუფლება თავისი ქმედებებით პოლიტიკიდან მის ჩამოშორებას ცდილობს
Sputnik

თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. სასამართლომ უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის ყოფილი უფროსი არტურ ვანეციანი დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ მისი დაკავების გადაწყვეტილება არამართლზომიერად მიიჩნია, იუწყება Sputnik-სომხეთი.

შენგავითის სასამართლოს შენობის წინ შეკრებილები მას ტაშით შეხვდნენ.

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა ფაშინიანზე თავდასხმის აღკვეთის შესახებ განაცხადა

„ამჯერად სამართალმა იზეიმა. მე ვუცხადებ ყველა ჩემს მომხრეს, მთელ სომეხ ხალხს, რომ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. ეს მოღალატე ხელისუფლება უბრალოდ პოლიტიკური პროცესებიდან ჩემს ჩამოშორებას ცდილობს. ჩვენ ერთად დავამარცხებთ მათ, ჩვენ არაფერი შეგვაჩერებს“, - განაცხადა ვანეციანმა.

მან განუცხადა ჟურნალისტებს, რომ 23:30 საათზე შენგავითის სასამართლო მის პატიმრობასთან დაკავშირებულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს.

არტურ ვანეციანი 14 ნოემბერს დააკავეს. ის ეჭვმიტანილია ისეთი ქმედებების ჩადენაში, რომლებსაც ითვალისწინებს შემდეგი მუხლები: „მონაწილეობა იარაღის უკანონო შეძენა-გასაღება-შენახვაში“, „ძალაუფლების უზურპაციის მომზადება“, „პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი სახელმწიფო, პოლიტიკური ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობის მომზადება“.

ადრე ვანეციანის ადვოკატმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის ყოფილი უფროსის ფაშინიანის მკვლელობის მომზადებაში დადანაშაულების მცდელობები - „სამარცხვინო პოლიტიკური დევნაა“.