განწყობა წაგებული ფინალის შემდეგ და რას უნდა ველოდოთ სომხეთის ნაკრებთან მატჩისგან

„ერთა ლიგის“ გათამაშების C დივიზიონის მე-2 ჯგუფში საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მე-2 პოზიციას იკავებს
Sputnik

ერეკლე ხიტალიშვილი

საქართველო-სომხეთის მატჩის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. გულშემატკივარმა მაკედონიასთან წაგებული ფინალის შემდეგ ის მუხტი და განწყობა ვერ შეინარჩუნა, თუმცა შემორჩნენ ისეთებიც, ვინც კვლავ გვერდში უდგას ეროვნულ ნაკრებს.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან განცდილ მარცხს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი შეეცადა პოლიტიკურ პრობლემად წარმოეჩინა ის ფაქტი, რომ უბრალოდ გუნდმა ვერ ითამაშა. ნაწილი ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის მოედანზე არ ყოფნას აბრალებდა. ზოგიერთმა კი საერთოდაც ირაკლი კობახიძის სტადიონზე მისვლას დაუკავშირა წაგებული შეხვედრა.

ფაქტია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე საკადრო პრობლემებთან ერთად ფსიქოლოგიურმა მუხტმაც იმოქმედა. ზედმეტმა მხარდაჭერამ, შესაძლოა ფეხბურთელებში ზედმეტი პასუხისმგებლობაც გამოიწვია, რაც მარცხის კიდევ ერთი მიზეზი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ფინალის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ვლადიმერ ვაისს თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებაც არ დასცალდა. საკონფერენციო დარბაზი ვაისის განცხადებამდე ჟურნალისტებმა დატოვეს. ჟურნალისტების ნაწილის თქმით, მათთვის ეროვნული ნაკრების თავკაცის კომენტარი უმნიშვნელო და აზრს მოკლებული იქნებოდა.

განცხილ მარცხზე კი ვლადიმერ ვაისმა გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა და თანამდებობის დატოვებაზეც ისაუბრა. ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დარჩენილ ორ შეხვედრაში, სომხეთთან და ესტონეთთან გაუძღვება, რის შემდეგაც ფედერაცია ახალი მწვრთნელის ძიებას დაიწყებს.

„გუნდში 5 წელი გავატარე, ყველას წარმატებებს გისურვებთ: ფეხბურთელებს, ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს. ნებისმიერ შემთხვევაში მწვრთნელი, რომელიც ოთოსთან, კვარაცხელიასთან, ჩაკვესთან, ზურიკოსთან, ხოჭოლავასთან და საბასთან იმუშავებს, წარმატებული იქნება. სლოვაკური სამწვრთნელო შტაბი წავა და გუნდში ახალი სტაფი მოვა, რომელიც ახალ ენერგიასა და სულისკვეთებას მოიტანს. მჯერა, რომ ახალი მწვრთნელი, ქართველი თუ უცხოელი, ჩემი და ქეცბაიას მიქსი იქნება”, - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა. თუ ვინ ჩაიბარებს აღნიშნული ორი მატჩის შემდეგ ჩვენს ნაკრებს ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.

„მარტივი არ იქნება“ - ვაისმა სომხეთის ნაკრებთან სერიოზული ბრძოლა დააანონსა

მიუხედავად იმედგაცრუებისა საქართველოსა და სომხეთის დაპირისპირებამდე შემორჩა გულშემატკივრის ნაწილი, რომელიც კვლავ გულანთებული ელოდება შეხვედრას. ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ვეტერენი ფეხბურთელები.

სოციალურ ქსელის მეშვეობით დღევანდელ მატჩს ეხმაურება ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი შოთა არველაძე.

„მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, რომ ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ. არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია. ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ“, - წერს შოთა არველაძე.

ვლდიმირ ვაისი: წაგების შემდგომი ღამე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იყო

თავის მხრივ, Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს შოთას ტყუპისცალი, არჩილ არველაძეც.

„რთულია ასეთ დროს მთელი ძალით თამაში, მაგრამ უნდა მოვინდომოთ და ეს ჯგუფი მოვიგოთ. ბიჭებო, თქვენს გვერდით ვართ, წარმატებები“ - არჩილ არველაძე

ტყუპების ამ განცხადებას, თან ახლავს ვიდეო, სადაც ძმები არველაძეები საქართველოს ნაკრებს უმღერიან.

ასევე ჩვეულ ფორმაშია სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი ნოდარ სიმსივე. ის წაგებულ ფინალსა და მოახლოევებულ მატჩზე ემოციურად წერს

„ბუცები არასოდეს დაიკიდება ლურსმანზე!!! თვალცრემლიანია ჩვენი ფეხბურთი როგოც სამშობლო მაგრამ მაინც გავიხარებთ !!! რაც კი შეიძლება ყველაფერი უნდა გააკეთოთ დღეს !!! VAMOS“ - წერს სიმსივე.

როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების მარცხით გამოწვეული სიხარული სომხებმა ვერ დამალეს. რაზეც მათი ნაკრების ნახევარმცველმა გევორქ ღაზარიანმა ისაუბრა. მისი თქმით, სომეხ გულშემატკივრებში იყვნენ ისეთებიც, ვისაც საქართველოს ნაკრების წაგება გაუხარდა.

„დიახ, სომეხ გულშემატკივრებში იყვნენ ისეთები, რომელთაც საქართველოს წაგება გაუხარდათ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც საქართველოს გულშემატკივრობდა. ჩემი აზრით, ამ არასასურველმა შედეგმა საქართველოს ნაკრებზე ფსიქოლოგიურად უარყოფითი გავლენა მოახდინა, მაგრამ საქართველო ძალიან კარგი გუნდია ამიტომ ჩვენ ხვალ ძირითად აქცენტს საკუთარ თამაშზე გავაკეთებთ და კონცენტრირებული ვიქნებით.“ - წერს ღაზარიანი.

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ტოვებს

საქართველოსა და სომხეთის მატჩში მონაწილეობას კვლავ ვერ მიიღებენ გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ. ვერ ითამაშებენ ასევე კოვიდინფიცირებული ხვიჩა კვარაცხალია და ლევან შენგელია, მათ ვირუსი ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართა ფინალამდე ერთი დღით ადრე დაუდასტურდათ.

კორონავირუსმა პრობლემები შეუქმნა მეტოქე გუნდსაც. სომხეთს ნაკრებს მოახლოვებულ შეხვედრებში იტალიური „რომას“ შემტევი და ნაკრების ლიდერი, ჰენრიხ მხითარიანი ვერ დაეხმარება. როგორც ირკვევა, „რომაში“ ჩატარებულ ტესტირებაზე ერთ-ერთ ფეხბურთელს დადებითი პასუხი მიუვიდა, იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა რომის ჯანდაცვის რეგიონალური სისტემის მიერ მიღებული ახალი კანონით იხელმძღვანელა და საკარანტინე პერიოდის დასრულებამდე, უეფას ეგიდით გასამართ ღონისძიებაში თავისი ფეხბურთელის მონაწილეობაზე უარით თქვა.

გუნდები ბოლოს ერთმანეთს პოლონეთში, ნეიტრალურ მოედანზე შეხვდნენ. შეხვედრა ფრედ  2-2 დასრულდა. პირველი ტაიმი სომხებმა მოიგეს, შემდეგ ჩვენი ნაკრებიდან ნიკა კაჭარავამ და თორნიკე ოქრიაშვილმა გამოიჩინეს თავი, მაგრამ მატჩის მიწურულს მხითარიანმა პენალტით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

საქართველოსა და სომხეთს შორის შეხვედრა დღეს, საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას იტალიელი გამოცდილი არბიტრი, მარკო გუიდა განსჯის.

შეგახსენებთ, რომ „ერთა ლიგის“ გათამაშების C დივიზიონის მე-2 ჯგუფში საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა, ჩვენი ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას გატანილი გოლებით ჩამორჩება. ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი B დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.