თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დასრულებულია და მოსახლეობა ბუნებრივი აირით სარგებლობს 11 სოფელში - ქვიშარი, ჭრებალო, პირველი ტოლა, ხვანჭკარა, ღვიარა, ბოსტანა, სადმელი, ძირაგეული, კვაცხუთი, წესი და იწა.
ასევე, გაზიფიცირების პროცესი გრძელდება შემდეგ სოფლებში - ნიკორწმინდა, თლუღი, ხოტევი, ჭელიაღელე, აგარა, ჩორჯო, მეორე ტოლა, ჭყვიში, ხიმში, გორი, ახალსოფელი.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჯამში 22 სოფლის გაზიფიცირება მოხდება, რაც 6 ათასამდე აბონენტს მოიცავს. გაზიფიცირების პროცესი 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021-2024 წლებში გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა გაგრძელდება, რომლის შედეგიც, საქართველოს მასშტაბით, იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 ათასი ოჯახი. ჯამში, საქართველოს მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებული.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, 2013 წლიდან დღემდე დამატებით 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება განხორციელდა და 312 ათას ოჯახს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ბუნებრივი აირით.