„ევროპულმა საქართველომ“ ცესკოს შემაჯამებელი ოქმები სასამართლოში გაასაჩივრა

ოპოზიცია აგრძელებს ოქმების გასაჩივრებას იმის მიუხედავად, რომ ადრე შეტანილი ყველა საჩივარი სასამართლომ განუხილველად დატოვა
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik.  პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ცენტრალური ეროვნული საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები სასამართლოში გაასაჩივრა.

საქართველოს ცესკომ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა >>

პარტია ცესკოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც დაიწერა შემაჯამებელი ოქმები და ოფიციალურად დაინიშნა არჩევნების მეორე ტურის თარიღი.

„საარჩევნო დავების განხილვისას ვნახეთ ხელისუფლების ქმედებების აბსურდულობა. ნონსენსია, როდესაც სასამართლოში გასაჩივრების ვადა არ გასულა და ცესკომ შეაჯამა უკვე შედეგები. სარჩელების დიდი ნაწილი დატოვა განუხილველი. პოლიტიკურადაც აბსურდია. მეორე მხრივ, ვხედავთ მოლაპარაკების პროცესს. ჩვენ გავასაჩივრებთ სასამართლოში, თუმცა არ გვაქვს სასამართლოს იმედი და მოლოდინი, რომ აქ მოკალათებულმა მარიონეტებმა მიიღონ რამე სამართლებრივი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ.

დარჩა ერთი მოთხოვნა: რა შედეგით დასრულდა ოპოზიციის და მმართველი პარტიის მეორე შეხვედრა

პარასკევს გვიან ღამით ცესკომ მორიგ სხდომაზე ოპოზიციის არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა და თავის ვებგვერდზე პროპორციული სისტემით შემდგარი კენჭისყრის შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა: „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,22%-ით მოიგო, რაც მას საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად სავსებით ეყოფა.

ოპოზიცია, რომელიც ორი კვირის განმავლობაში არ წყვეტს საპროტესტო აქციებს და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს, ერთადერთ გამოსავალს ხელახალ არჩევნებში ხედავს. სიტუაციის დარეგულირებას ცდილობენ დასავლური დიპლომატიური მისიები, რომლებმაც მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდასთან შეკრიბეს, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიციები ჯერჯერობით უცვლელი რჩება.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციად აფასებენ და მას დესტაბილიზაციის მცდელობებსა და სიტუაციის ხელოვნურ დაძაბვაში ადანაშაულებენ.