კალაძე დაჯარიმებულ გულშემატკივარზე: პირობას ვდებ, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველო–ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე თავის უფროს შვილთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძეც.
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. ფეხბურთისა და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა დაფასებას იმსახურებს. ჩემი აზრით, ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს, ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება. ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ტოვებს>>

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, თუ როგორ აჯარიმებს საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მისულ გულშემატკივარს შეზღუდვის რეჟიმის დარღვევის გამო.

„გუშინ ბევრი გულშემატკივრის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს. ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია. კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას“, – დაწერა თბილისის მერმა.

კალაძე ასევე შეეხო სტადიონზე მისი ყოფნის საკითხსაც. მან აღნიშნა, რომ მატჩზე უეფას დელეგაციისა და ფეხბურთის ფედერაციის მიერ იყო მიწვეული, როგორც ვეტერანი ფეხბურთელი. კალაძის თქმით, სტადიონზე მისი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე იმყოფებოდა.

ხმაური სფფ-სთან: აქციის მონაწილეები ფედერაციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ

თბილისის მერი მისი უფროსი შვილის სტადიონზე ყოფნასაც გამოეხმაურა, რასაც საზოგადოების მხრიდან ხმაური და პროტესტი მოჰყვა.

„ჩემი შვილი, ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე. ალბათ მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი ვითარება, თუმცა გუშინ ჩემთვის იმდენად ემოციური დღე იყო, ამ საკითხზე ყურადღება არ გამიმახვილებია. ეს არ იყო რაიმე სახის პრივილეგია ან უკანონო ქმედება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან კალაძემ გულშემატკივრებს, რომლებმაც ის გააკრიტიკეს უნებური შეცდომისთვის, ბოდიში მოუხადა.

კალაძემ ასევე განაცხადა, რომ მსგავსი მოსაწვევი უეფასგან და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან სხვა თამაშებზეც მისდის ხოლმე, რომელიც დამატებით სამი პირის თანხლებას ითვალისწინებს.

საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა - 0:1>>

„უცნაური ის იქნებოდა, მე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები ბიჭების გვერდში ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში რომ არ დავმდგარიყავით. ამის გამო ბევრმა პოლიტიკური დატვირთვით ჩემი გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას“, – წერს კახა კალაძე.

გამარჯვების გემო და მარცხის განცდა: მაკედონია აღნიშნავს, საქართველო განიცდის – ფოტო

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მწუხარება გამოთქვა 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან განცდილი მარცხისთვის და მომავალი გამარჯვებების იმედი გამოთქვა. მან ასევე აღნიშნა, რომ გუშინ საქართველო ქვეყნის 30-წლიანი საფეხბურთო ოცნების ახდენასთან ძალიან ახლოს იყო.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის შეხვედრა 12 ნოემბერს, კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციების თანახმად, მაყურებლის გარეშე გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან ერთად მატჩის საყურებლად კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და სხვა პირებიც იმყოფებოდნენ.

ამ ფაქტმა საზოგადოების ნაწილში გაღიზიანება და პროტესტის გრძნობა გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან დღეს აქციაც გაიმართა, რომელიც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.