საქართველოს თავდაცვის ძალების ავტოპარკი განახლდა

მინისტრ ღარიბაშვილის ინიციატივა თავდაცვის ძალების თანამედროვე ტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ ამჯერად FORD TRANSIT-ის მარკის 20 ერთეული ახალი მიკროავტობუსი და IVECO-ს მარკის 7 ერთეული სპეციალიზებული მანქანა–მაცივარი შეისყიდა.

საქართველომ ახალი უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა>>

ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ. ახალი ავტომობილები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, შემუშავებული გეგმის შესაბამისად გადანაწილდება.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ახალი ავტომობილებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდას და დავალებების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს.

თავდაცვის სამინისტროს ავტოპარკი FORD Ranger-ის 160 პიკაპით შეივსო

თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი თავდაცვის ძალების საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. კერძოდ, მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეცტექნიკა თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების – გერმანული MAN-ის, იტალიური IVECO-ს და ამერიკული FORD-ის მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდება.

პროექტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტრომ უკვე შეისყიდა Toyota Land Cruiser მარკის ყველგანმავალი ახალი სატრანსპორტო საშუალებები, Toyota Hilux მარკისა და FORD Ranger-ის მარკის 0.75 ტონა ტვირთამწეობის „პიკაპები“. ჯამში თავდაცვის სამინისტროს 500-ზე მეტი ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა შეემატება.