შაქარაშვილის საქმე: სასამართლომ არასრულწლოვან ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. ექვსი არასრულწლოვნიდან ოთხი შაქარაშვილის მკვლელობამდე ჩხუბის ეპიზოდებში იყო ბრალდებული, ხოლო ორი – მის მკვლელობაში.
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვანი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მცხეთის სასამართლოში აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მაია ოშხარელმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

შაქარაშვილის საქმეში სამმა ბრალდებულმა შესაძლოა ბრალი აღიაროს

ექვსიდან სამი არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში, ერთი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში, ხოლო დანარჩენი ორი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში.

კონკრეტულად რა სასჯელი შეეფარდა თითოეულს, ეს 20 ნოემბრის სხდომაზე გახდება ცნობილი.

განსასჯელთა სკამზე მჯდომი ექვსი არასრულწლოვნიდან ოთხი შაქარაშვილის მკვლელობამდე ჩხუბის ეპიზოდებში იყო ბრალდებული, ხოლო ორი – მის მკვლელობაში. მათ ბრალად ედებოდათ ასევე საქმის მთავარი მოწმე გური ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რომელიც, პროკურატურის ვერსიით, თავისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს მანქანაში და თბილისში წაიყვანეს.

შაქარაშვილის საქმეს სასამართლო სამ ნაწილად იხილავს: მკვლელობამდე ჩხუბის ეპიზოდები არასრულწლოვნების მონაწილეობით, ჩხუბის ეპიზოდები სრულწლოვანთა მონაწილეობით და უშუალოდ მკვლელობის ფაქტი. შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. აქედან ხუთს მკვლელობა ედება ბრალად, ხოლო დანარჩენებს – ჯგუფური ძალადობა. პროცესების ნაწილი დახურულ რეჟიმში იმართება, რადგან დაკავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.

შაქარაშვილის მკვლელობაში ხუთივე ბრალდებული დამნაშავეა – საქმის პროკურორი>>

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.

ამ შემთხვევას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი – ერთი მცხეთაში და მეორე თბილისი–მცხეთის გზაზე.