როდის გამოუყოფს სსფ საქართველოს მორიგ ტრანშს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის შედეგები 2020 წლის პირველ ნახევარში დამაკმაყოფილებელი იყო, განაცხადა ფონდის მისიამ.
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ მიაღწიეს შეთანხმებას „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულების თაობაზე, ნათქვამია ფონდის მისიის ანგარიშში.

საქართველო კორონავირუსთან ბრძოლისათვის დამატებით დახმარებას მიიღებს>>

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ხელისუფლებასთან ვირტუალური მოლაპარაკებები გამართა საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (EFF) მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის მოსამზადებლად.

რამდენით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა? საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი

„მისიის დონეზე მიღწეული ეს შეთანხმება სსფ-ის ხელმძღვანელობამ და აღმასრულებელმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. საკითხის განხილვა მოსალოდნელია 2020 წლის დეკემბერში. მეშვიდე მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება დაახლოებით 112.1 მილიონი აშშ დოლარი. ჩამორიცხული მთლიანი თანხა დაახლოებით 576.4 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდება“, – ნათქვამია სსფ-ის მისიის განცხადებაში.

ვითარება საქართველოს ეკონომიკაში

სსფ-ის მისია მიიჩნევს, რომ COVID-19-ის პანდემიამ სერიოზული გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე.

„შოკის შედეგად 2020 წელს მოსალოდნელია რეალური მშპ-ის 5-პროცენტიანი კლება, რაც 1 პროცენტული პუნქტით მეტია მეექვსე მიმოხილვის დროინდელ პროგნოზთან შედარებით და გამოწვეულია ეკონომიკის ჩაკეტვის უფრო უარყოფითი ეფექტით და გახანგრძლივებული შოკით“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინფლაცია 2020 წლის ბოლოსთვის 3,5% დონეზეა პროგნოზირებული, რამდენადაც „ლოკდაუნის“ განმავლობაში არსებული მაღალი ფასები საკვებზე მთლიანად დააკომპენსირა ინფლაციის კლებამ რიგი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პანდემიით გამოწვეული ზარალის ოდენობა გაასაჯაროვა

„საგარეო პოზიცია გაუარესებულია, რადგან ტურიზმიდან შემოსავლები, ფაქტობრივად, გაქრა. მოსალოდნელია, რომ 2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 9.7 პროცენტამდე გაღრმავდება, მაშინ, როცა 2019 წელს იგივე მაჩვენებელი 5.1 პროცენტი იყო“, – აღნიშნავენ მისიის წარმომადგენლები.

მიუხედავად ამისა, მათი აზრით, ფულადი გზავნილების ზრდა და იმპორტის უფრო დაბალი მოცულობა ამცირებს საქართველოს საგარეო ფინანსების საჭიროებას, ხოლო მთლიანი საგარეო რეზერვები კვლავაც კომფორტულ დონეზეა შენარჩუნებული დონორების დაფინანსების შედეგად.

„დაბალი საგადასახადო შემოსავლებისა და შოკის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გათვალისწინებული ფისკალური დახმარებების შედეგად მოსალოდნელია ფისკალური დეფიციტის ზრდა. წინასწარი მონაცემები ივნისში შიდა მოთხოვნის აღდგენის დაწყებას მიანიშნებს. კერძო სექტორის დაკრედიტების ტემპი მაღალი დარჩა, რაც ნაწილობრივ მთავრობის მიერ ლარით გაცემული იპოთეკური სესხების სუბსიდირებამაც წაახალისა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში ეკონომიკის ვარდნა მინიმალური ხდება

ფონდის მისიაში აცხადებენ, რომ სუსტი მოთხოვნა და ეკონომიკის გახსნის შემდეგ მიწოდების აღდგენა ბოლო პერიოდში ინფლაციაზე დადებითად აისახა.

საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზე მიმართული სამწლიანი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. 2019 წლის ბოლოს პროგრამის კიდევ ერთი წლით გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სსფ-ის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით მიმდინარე წლის მაისში გაზრდილი სახსრები მიიღო.