ფინალი კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე – ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ფეხბურთელებს განმეორებითი ტესტირება პროტოკოლის თანახმად თამაშამდე ორი დღით ადრე ჩაუტარდათ. კორონავირუსი ორ მათგანს დაუდგინდა.
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) ადასტურებს.

როგორც სფფ-ში აღნიშნავენ, 10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე დადებითი პასუხი აჩვენა. ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას განმეორებითი ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ.

საქართველო Vs ჩრდილოეთ მაკედონია: ერთი ნაბიჯი ისტორიულ შედეგამდე

„ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან“, – ნათქვამია სფფ-ის განცხადებაში.

საწვრთნელ შეკრებამდე ფეხბურთელებისთვის ჩატარებულმა ტესტებმა უარყოფითი პასუხები აჩვენა და გუნდმა ვარჯიში პროტოკოლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად დაიწყო. ოფიციალურ მატჩამდე ორი დღით ადრე როგორც ფეხბურთელების, ისე გუნდთან დაკავშირებული პირების სავალდებულო ტესტირება მოხდა, რის შედეგადაც გუნდის ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისთვის მზადებას განაგრძობს. ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ამ და სხვა მოახლოებული მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

ისტორიული მატჩის მოსაგებად 29 ფეხბურთელი ემზადება – ვაისმა შემადგენლობა დაასახელა>>

საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე მზადებას 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართი მატჩებისთვის 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს.