ამერიკელი კარდიოლოგები: თუ გინდათ დიდხანს იცოცხლოთ, ხშირად მიირთვით ცხარე წიწაკა

ამერიკელმა კარდიოლოგებმა ამ დასკვნის გამოტანამდე 5 ათასამდე კვლევა შეისწავლეს და 570 ათასი ადამიანის მონაცემები გააანალიზეს.
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. წითელი წიწაკა ჩილის რეგულარულ მოხმარებას შეუძლია შეამციროს ნაადრევი სიკვდილის რისკი და ხელი შეუწყოს სიცოცხლის ხანგრძლივობას – ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის კარდიოლოგიური ასოციაციის მეცნიერები, რის თაობაზეც იუწყება Fox News.

მწარე წიწაკა და მისი სასარგებლო თვისებები

სპეციალისტებმა გააანალიზეს ჯანდაცვის ხუთ წამყვან მსოფლიო ბაზაში არსებული 4 729 კვლევა და ერთმანეთს შეადარეს იტალიაში, ჩინეთში, ირანსა და აშშ-ში მცხოვრები 570 ათასი ადამიანის მონაცემები.

მასშტაბური ანალიზის შედეგად მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც ჩილის რეგულარულად იღებენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილის რისკი 26%-ით ნაკლებია, ხოლო კიბოთი — 23%-ით ნაკლები.

გარდა ამისა, ჩილის მოყვარულებში 25%-ით ნაკლებია ნებისმიერი მიზეზით გარდაცვალების ფაქტები მათთან შედარებით, ვინც იშვიათად ან საერთოდ არ იღებს ამ პროდუქტს.

ჩილის ამ შედეგებს მეცნიერები იმით ხსნიან, რომ ცხარე წითელ წიწაკას აქვს ანთებისა და სიმსივნეების საწინააღმდეგო და ასევე ანტიოქსიდანტური თვისებები. გარდა ამისა, ჩილი არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში.

ამასთან ერთად მკვლევარები აცხადებენ, რომ ორგანიზმზე ჩილის ზემოქმედების მექანიზმი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი და ეს დამატებით კვლევებს მოითხოვს.