COVID-19 - ბოლო ცნობები

საფრანგეთმა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შესვლა შეზღუდა

საფრანგეთში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეებს და ასევე იმ უცხოელებს, რომლებიც დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობენ.
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საფრანგეთის ხელისუფლებამ ცვლილებები შეიტანა ქვეყანაში შესვლის წესებში, რაც, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება.

შეზღუდვები დაწესდა საქართველოდან და ევროკავშირის შენგენის ზონის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთის მეტროპოლიაში შესვლაზე.

TAV Georgia ნოემბრის თვეში დაგეგმილი ფრენების განრიგს აქვეყნებს

საფრანგეთში 11 ნოემბრიდან შესვლას შეძლებენ მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეები, მათი მეუღლეები და შვილები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ მოქმედი პასპორტი და საფრანგეთში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ასევე ოფიციალური პასპორტის მფლობელები – უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობაში მუშაობენ, ან საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის შტაბ-ბინაც საფრანგეთშია, ასევე მათი მეუღლეები, შვილები და ა.შ.

ამას გარდა, ქვეყანაში შემსვლელს უნდა ჰქონდეს განცხადება კორონავირუსის სიმპტომების არარსებობის შესახებ. აღნიშნული ცნობის ამობეჭდილი ან ციფრული ვერსია პირმა უნდა წარუდგინოს სატრანსპორტო კომპანიებს გასამგზავრებელი ბილეთის გამოყენებამდე. გარდა ჩვეულებრივი დოკუმენტებისა, ცნობა ასევე უნდა წარადგინოს საფრანგეთის შიდა საზღვრებზე განხორციელებული კონტროლისას.

ნათია თურნავა: რეგულარული ფრენები ეტაპობრივად აღდგება

თუ საფრანგეთში შესვლის სურვილის მქონე პირს ეს ცნობა არ ექნება, ავიაკომპანიამ მას შეიძლება ბორტზე ასვლაზე უარი უთხრას, უკიდურეს შემთხვევაში კი სასაზღვრო კონტროლისას საფრანგეთის ტერიტორიაზე არ დაუშვას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთში შესვლის ყველა მსურველს 11 ნოემბრიდან თან უნდა ჰქონდეს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტი. ეს ტესტი თვითმფრინავში ჩაჯდომის დროსაც შეიძლება მოითხოვონ.

საქართველომ ავირეისები პარიზის მიმართულებით მიმდინარე წლის ივლისში აღადგინა. ევროპის 13 ქალაქის გარდა ავიამიმოსვლა სხვა მიმართულებებით ძირითადად შეჩერებულია. გამონაკლისს წარმოადგენს ჩარტერული რეისები.