მუქარა და დაშინება ჟურნალისტების მიმართ – საზოგადოებრივი მაუწყებელი განგაშს ტეხს

„პირველი არხი“ ამტკიცებს, რომ 8 ნოემბრის მოვლენებს აშუქებდა უწყვეტი ეთერით და აუდიტორიას აწვდიდა ჟურნალისტური სტანდარტის სრული დაცვით მომზადებულ, ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციას.
Sputnik

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, ყურადღებით დააკვირდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებზე ზემოქმედების, დაშინებისა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის უტყუარ ფაქტებს, ნათქვამია „პირველი არხის“ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კომპრომისი თუ... ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა? >>

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ კვირას მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი ცესკოსთან, სადაც პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. ორივე მხრიდან არიან დაშავებულები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში, კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ცესკოს შენობასთან აქციის დროს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, რომელიც გააღიზიანა „პირველი არხის“ ჟურნალისტის მიერ დასმულმა კითხვამ - ვინ მოაწყო არეულობები, ყველაფერში სუსი დაადანაშაულა, ხოლო თავად ჟურნალისტს პროვოკატორების ხელშემწყობი უწოდა.

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ კატეგორიულად მიუღებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ ის ზემოქმედება, რასაც 8 ნოემბრის აქციის მიმდინარეობისას მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ. ნათელია, რომ მისი უსაფუძვლო მძიმე ბრალდებები და საუბრის ტონი მიზნად ისახავს ჟურნალისტების დაშინებასა და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლას“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იმ პირობებში, როდესაც, „სამწუხაროდ, ქართული მედია მნიშვნელოვნად განიცდის პოლიტიკურ გავლენებს, მკვეთრად პოლარიზებულია“, ზოგიერთი პარტიისთვის მიუღებელია მათი გავლენისგან თავისუფალი მედიის არსებობა. „სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს მუქარისა და დაშინების კამპანია, რათა მორალურად დაიქვემდებარონ ჟურნალისტები და შექმნან მათთვის სასურველი საინფორმაციო ველი“, – ნათქვამია განცხადებაში.

დავით უსუფაშვილი: როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ >>

„პირველი არხი“ ამტკიცებს, რომ 8 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა უწყვეტი ეთერით – როგორც სატელევიზიო, რადიო, ასევე ონლაინ–პლატფორმაზე. მაყურებელს აწვდიდა ჟურნალისტური სტანდარტის სრული დაცვით მომზადებულ, ფაქტებზე დამყარებულ და გადამოწმებულ ინფორმაციას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე შეშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ სახალხო დამცველის აპარატი, მათი თქმით, არ რეაგირებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებზე.