კობახიძე: ცესკოზე მიმდინარე შტურმს კრიმინალი ნიკანორ მელია მეთაურობს

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მოუწოდა აქციის თითოეულ მონაწილეს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან. პოლიციას კი -პროპორციული ძალის გამოყენებისკენ.
Sputnik

თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. ცესკო-ზე მიმდინარე შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერ ჯგუფები, განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა  ირაკლი კობახიძემ.

ცესკოსთან აქცია იშლება: ოპოზიციის ახალი შეკრების დრო დაანონსებულია

ცოტა ხნის წინ ცესკოს შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია გრძელდება, ვითარება დაიძაბა. სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მას შემდეგ გამოიყენეს, რაც მომიტინგეებმა გამყოფი ჯებირის გარღვევა და პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს. წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად აქციის რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

„მინდა, განცხადება გავაკეთო ცესკოზე მიმდინარე შტურმთან დაკავშირებით, რომელსაც მეთაურობს კრიმინალი ნიკანორ მელია. შეგახსენებთ, რომ სწორედ ნიკანორ მელიამ მისცა ნიშანი „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერ ჯგუფებს, გასული წლის 20 ივნისს, როდესაც მათ მიიტანეს შტურმი პარლამენტის შენობაზე. ამ საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც, დარწმუნებული ვართ, აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი”, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.

„ჩვენ ვაცხადებდით, რომ საქართველოში ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები, ხოლო კრიმინალები კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეში. მოვუწოდებთ კანონსაწინააღმდეგო შეკრების თითოეულ მონაწილეს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან. შსს-ს პროპორციული ძალის გამოყენებისკენ მოვუწოდებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
ცესკოსთან ვითარება დაიძაბა: სპეცრაზმი წყლის ჭავლს იყენებს

დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამართეს. საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ოპოზიციამ ულტიმატუმი წამოაყენა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა. თბილისში გამართული აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ გაემართნენ, ბათუმში კი მომიტინგეებმა აჭარის მთავრობის შენობის წინ კარვები გაშალეს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციულად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.