ეუთო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან

საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები, კიდევ ერთხელ განაცხადეს ეუთოს დამკვირვებლებმა
Sputnik

თბილისი, 9 ნოემბერი -  Sputnik. ეუთოს სადამკვირვებლო მისია გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე აქციებს და მომიტინგეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ძალადობისგან, აღნიშნულია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

ეუთოს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ თბილისში პოლიციასთან მომხდარი შეტაკებების შესახებ, ეუთოს სპეციალური კოორდინატორი და ეუთოს მოკლევადიანი საარჩევნო მისიის ხელმძღვანელი ელონა გებრეა ხოჯა და ეუთოს საპარალამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი პია კაუმა აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ძალადობისგან და ხელისუფლებას მოუწოდებენ, პატივი სცენ შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებას.

შსს: პოლიციამ ცესკოსთან პროპორციული ძალა გამოიყენა

„კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. ამავე დროს, შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში ბოლო პროტესტებს. მივესალმები, რომ ადამიანები იყენებენ გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ძალადობის ფაქტები დაუშვებელია. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, რომ იყვნენ მშვიდობიანი“, – აცხადებს ხოჯა.

მისი სიტყვებით, პოლიცია ვალდებულია, გამოიჩინოს თავშეკავება დემონსტრანტების მიმართ, ხელისუფლებამ კი უნდა მოუსმინოს აქციის მონაწილეებს და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

პია კაუმამ, თავის მხრივ, ყველას მოუწოდა, ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში, გადალახონ ამჟამინდელი პოლარიზაცია და იმუშაონ ერთად სტაბილური პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად და ამავე დროს, მიაქციონ ყურადღება საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების მიერ მიღებულ გზავნილებს.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მხარდაჭერა გამოუცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ.

ოპოზიციის აქტივისტების თავდასხმა ჟურნალისტებზე დაუშვებელია – ტელეარხ „იმედის“ განცხადება

„საქართველოში ბოლო ოცი წლის განმავლობაში არჩევნებსა და შემდგომი პოლიტიკურ მოვლენებზე დაკვირვებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე გამოიჩენს მაქსიმალურ თავშეკავებულობას და გამოავლენს პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და ერთგულებას საერთო სიკეთისადმი, უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცების მიზნით“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ.

ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია გამოგზავნა. ეუთოს განცხადებით, არჩევნები, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ეფექტურად იყო ორგანიზებული.

ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ახალ კენჭისყრას მოითხოვს. მათი კიდევ ერთი მოთხოვნა - ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომაა.

პარლამენტთან კვირას გამართული მასშტაბური აქციის შემდეგ მომიტინგეებმა გადაინაცვლეს ცესკოს შენობასთან, სადაც პოლიციასთან შეტაკებები მოხდა. 

როგორ გამოიყენა პოლიციამ წყლის ჭავლი ცესკოს შენობასთან მომიტინგეების წინააღმდეგ - ვიდეო

ცესკოსთან აქციის დაშლისას 30-მდე ადამიანი დაშავდა. მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

საარჩევნო კომისიის შენობასთან შეტაკებების დროს, შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა 27 ადამიანი, მათგან 14 პოლიციელი, 10-მდე აქციის მონაწილე და სამი ჟურნალისტი.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, პარლამენტში შედის ცხრა პარტია, საიდანაც რვა ოპოზიციურია. ოპოზიცია ამ შედეგებს არ აღიარებს და არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს. ისინი პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ და არც არჩევნების მეორე ტურში გეგმავენ მონაწილეობის მიღებას.

მმართველი პარტია კატეგორიულად უარყოფს არჩევნების გაყალბებას და აცხადებს, რომ იგი თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც ადასტურებენ.