თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ირაკლი შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ირაკლი შენგელიამ, რომელსაც სამედიცინო განათლება აქვს, კოორნავირუსით ინფიცირების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„მშვიდად და უსიმპტომოდ მივიღე ვუჰანელი COVID-19-ის გამოწვევა, ვრჩები იზოლაციაში და აქედან შევუტევ ვერაგ ვირუსს", - წერს შენგელია.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შენგელია ბოლო დღეებში სამსახურში არ დადიოდა და მას თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია.
მანამდე ახალი კორონავირუსი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, რამაზ ჩხიკვაძეს და რამდენიმე დეპუტატს ჰქონდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2 901-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 57 753-ს მიაღწია,
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 42 572 ადამიანი, გარდაიცვალა – 475, კარანტინის რეჟიმშია 2 964, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 691 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 879 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.