ცხრა თვეში საქართველოს გზებზე ავარიებში 337 ადამიანი დაიღუპა

ავტოავარიების ყველაზე ხშირ მიზეზად შსს-ში სახელდება შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების წესების დარღვევა.
Sputnik

თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 2020 წლის ცხრა თვეში ავარიებმა 337 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 17 ბავშვია, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შატილის გზა გაცილებით უსაფრთხო გახდა

სულ ამ პერიოდში მოხდა 3 644 ავარია, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვა. ავარიების ნახევარი თბილისში მოხდა. დანარჩენი ავარიები რეგიონებში მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე მოჰყავს ექვს თვეში დაშავებულთა სტატისტიკა - 5 004 ადამიანი, მათ შორის 453 - ბავშვი.

ამავდროულად, აღნიშნულ პერიოდში ქვეითთან შეჯახების 802 შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 77 ადამიანი, დაშავდა გაცილებით მეტი - 776.

ავარიების მიზეზები

საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების წესების დარღვევა. 2020 წლის პირველ ცხრა თვეში ამ მიზეზით მომხდარ 287 ავარიაში დაიღუპა 31 და დაშავდა 566 ადამიანი.

გზებზე „შავ წერტილებს" მონიშნავენ – საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებთან ბრძოლის ახალი მეთოდი >>

ავტოავარიების მიზეზებს შორის მეორე ადგილზე სიჩქარის გადაჭარბებაა. 184 ასეთი უბედური შემთხვევა 40 ადამიანისთვის ლეტალურად დასრულდა. მესამე ადგილზე დისტანციის დარღვევა მოძრაობისას - 133 ავარიის დროს ამ მიზეზით 7 ადამიანი დაიღუპა.

უსაფრთხოების ზომები და რეფორმები

საგზაო უსაფრთხოების საკითხი საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. 2019 წლის თებერვალში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

უსაფრთხოება გზებზე: არასამთავრობოებმა ხელისუფლებას პრიორიტეტები შეახსენეს

პარალელურად გაფართოვდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს გზებზე სულ მოქმედებს 4 467 ვიდეოკამერა (2 862 – ზოგადი ხედვის, 1 605 – ნომრის ამომცნობი) და სიჩქარის კონტროლის 216 სექცია. ჯამში დაფარულია 861 კმ საგზაო მონაკვეთი.

ფარული პატრულირების მეთოდთან ერთად დაწყებულია შერეული მეთოდით პატრულირების პრაქტიკის დანერგვა. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო არეალი და მოიცვა ქალაქები თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე იმერეთის რეგიონი.

საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში დაიწყო ე.წ. შავი წერტილების აღრიცხვა – შეიქმნა რუკა, რომელზეც დაიტანება ის ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები.