ქართული ოპოზიცია ახალ შეზღუდვებს პროტესტის წინააღმდეგ ბრძოლად აფასებს

მმართველ პარტიაში განმარტეს, რომ შეზღუდვები სპეციალურად 9 ნოემბრიდან წესდება, რათა ოპოზიციას რაიმე პრეტენზია არ ჰქონდეს
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა კორონავირუსის გავრცელების გამო ახალი შეზღუდვების დაწესება მიტინგების წინააღმდეგ ბრძოლად და საპროტესტო ტალღის შეჩერების სურვილად შეაფასეს.

თბილისში და კიდევ 6 ქალაქში საღამოს საათებში გადაადგილება იზღუდება

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ 9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება იზღუდება. აკრძალვამდე ერთი დღით ადრე, 8 ნოემბერს ოპოზიციას თბილისში და ბათუმში ორი მასშტაბური საპროტესტო აქცია აქვს დაგეგმილი.

„ქართულმა ოცნება“ გადაწყვიტა, რომ ამ კომენდანტის საათით და ქალაქების ჩაკეტვით შეამციროს ადამიანების მიმოსვლა აქციებზე და ზუსტად, იმის მაგივრად, რომ გაყალბებული არჩევნების საჩივრები განეხილა და იმის მაგივრად, რომ ყველა სარჩელი დაეკმაყოფილებინა, იმიტომ რომ წარმოუდგენელი მასშტაბის გაყალბებაზეა საუბარი და მათ შორის მიეღო ჩვენი წინადადება ახალ არჩევნებზე და ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაზე, ამის სანაცვლოდ კომენდანტის საათი დააწესა“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ.

ხოლო „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლება მიტინგებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში პირდაპირ დაადანაშაულა.

„გასაგებია, რომ ეს სპეციალურად იმისთვის კეთდება, რომ ოპოზიციამ გრძელვადიანი აქციებისთვის ადამიანების მობილიზება ვერ შეძლოს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მმართველ პარტიაში კი განაცხადეს, რომ შეზღუდვები სპეციალურად 9 ნოემბრიდან წესდება, რათა ოპოზიციას პრეტენზიები არ ჰქონდეს.

ცქიტიშვილი: საპროტესტო აქციების გამართვას ხელს არავინ არ უშლის

„ხელისუფლებამ კი არ დაუმთხვია დაანონსებულ აქციას, არამედ ხელისუფლებამ თქვა, რომ ორშაბათიდან იქნება ათსაათიანი აკრძალვის შემოღება, რადგან დავაცადოთ და არავის ვათქმევინოთ, რომ რამენაირად პოლიტიკური უფლება ეზღუდებათ. დავაცდით, 8 ნოემბერს აქციას ჩაატარებენ და ორშაბათიდან დაწესდება ეს შეზღუდვა. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვიზამთ ისე, რომ პოლიტიკასა და შეზღუდვებს შორის დაცული არ იყოს ბალანსი და ვინმეს გამოხატვის თავისუფლებას შეექმნას პრობლემა“, – განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ბექა დავითულიანმა.

კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი საქართველოში უკვე სამ ათასიან ნიშნულს მიუახლოვდა.

ამასთან, კორონავირუსით ინფიცირებული 14 612 პაციენტიდან კლინიკებში მკურნალობს 4 670, კოვიდ-სასტუმროებში - 2 599, ხოლო 7 343 ადამიანი მკურნალობს საკუთარ საცხოვრებელ სახლში (რაც აქტიური შემთხვევების ნახევარია).